USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეორადი საბურავების გადამამუშავებელი TRC -ი: ნედლეულის დეფიციტის გამო წარმოებას ვერ ვზრდით

მეორადი საბურავების გადამამუშავებელი TRC -ი: ნედლეულის დეფიციტის გამო წარმოებას ვერ ვზრდით

2023-03-02 10:06:56

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვერც რეგულაციების გამკაცრებამ უშველა. მეორადი საბურავების გადამამუშავებელ წარმოება TRC -ში აცხადებენ, რომ ნედლეულის სიმცირეს განიცდიან, ვინაიდან კომპანიები ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ, ხოლო სახელმწიფო დონეზე კანონის აღსრულების პრობლემაა, რაც საბოლოოდ წარმოებასა და ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს.

ანალოგიური პრობლემის წინაშეა ახალგაზრდა სტარტაპერი გივი ბაზღაძე, რომელიც საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC -ის დამფუძნებელია. Business Insider Georgia- თან მეწარმე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დიდ პრობლემას განიცდიან ნედლეულთან დაკავშირებით, რაც ,,მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ კანონის აღსრულების სისუსტითაა გამოწვეული. კერძოდ, ბაზღაძის თქმით, აღსრულება ფაქტობრივად არ ხდება, რის გამოც მეწარმეები ვალდებულებს არ ასრულებენ და ნარჩენები კომპანიამდე არ მოაქვთ.

შესაბამისად, გადამამუშავებელ წარმოებას ნედლეული აკლდება. ამ ეტაპზე TRC -ს შეუძლია წლიურად 1000-1200 ტონა ნარჩენი გადაამუშაოს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ კანონის აღსრულება რომ ხდებოდეს, ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა შესაძლებელი.

„დიდი ლოდინის შემდეგ ქვეყანამ მიიღო კანონი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ შესახებ, რაც დიდი მიღწევაა. ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ ნარჩენების მართვის ვალდებულება ითავა და რეგულაციები დაწესდა, მაგრამ აღსრულება არ ხდება. კანონით კომპანიებს ევალებათ ნარჩენების ქარხნამდე მოტანა, მაგრამ ამას თითქმის არავინ აკეთებს, თითქოს კანონი არც არსებობდეს. ძალიან ნეგატიური ფაქტია, რაც პარტნიორებს აბრკოლებს და სამომავლო პროექტების განხორციელებაში ხელს გვიშლის.

ცხადია, ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ რომ ნედლეულის დეფიციტს არ განვიცდიდეთ, წარმოების გაორმაგებას შევძლებდით, რასაც ეკონომიკაც იგრძნობდა და ეკოლოგიის მხრივ არსებული ვითარებაც საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა. პოტენციალი გვაქვს, მაგრამ არსებულ რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ ", - ამბობს გივი ბაზღაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დიდ მოთხოვნაა რეზინის გზის საფარზეც. TRC -ის რესურსით, შესაძლებელია წლიურად 10 000 კვადრატული მონაკვეთის დაგება.

ცნობისთვის, TRC „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა. რომელიც კონკურსზე „Meliora 2018“ წლის სტარტაპად დასახელდა.

ასევე, კომპანიამ გაიმარჯვა კატეგორიაში - მწვანე ინიციატივა და ამ მიმართულებით, საუკეთესო პროექტი გახდა.

პროექტს რამდენიმე მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – კომპანიას აქვს რესურსი ასეულობით ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავება მოახდინოს. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, ნარჩენებიდან შესაძლებელია წლიურად 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც სამომავლოდ იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავდა.

ეს ნიშნავს, რომ ყველა იმპორტიორი და მწარმოებელი, ვისაც სურვილი აქვს განათავსოს თავისი პროდუქცია ბაზარზე, ერთიანდება და პასუხისმგებლობას იღებს მათ მიერ წარმოშობილი ნარჩენების მართვაზე. განსაზღვრულია 6 ძირითადი მიმართულება, როგორიცაა შესაფუთი მასალისგან წარმოშობილი ნარჩენი, ასევე ელექტრონული ნარჩენები, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები, საბურავები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები.

სპეციალურად ამ მიზნით 2022 წელს ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია დაფუძნდა, რომელსაც ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა დაევალა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები