მილანში გამართული ,,ჩანთების და აქსესუარების გამოფენა" საერთაშორისო ბრენდ Gepherrini-თვის წარმატებული აღმოჩნდა.
სულ ახლახან თბილისში დაბრუნებული ილია გეფერიძე, კომპანიის დამფუძნებელი, Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 10 ახალი კონტრაქტი მოიპოვეს და ძალიან მალე პროდუქციას კანადის შემდეგ, უკვე მილანშიც წარადგენენ.
ილია გეფერიძის თქმით, მილანის გამოფენაზე დასწრება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით შეძლეს„
გამოფენის ფარგლებში, პროდუქცია გავაცანით არაერთ შემსყიდველს, ე.წ. ბაიერებს და მოვახდინეთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, პოტენციურ დამკვეთებთან ბიზნეს კომუნიკაციის დამყარება. 10 ბიზნეს კონტრაქტი წამოვიღეთ მილანიდან, რაც ძალიან კარგი შედეგია“ - ამბობს გეფერიძე.
მისი თქმით, Gepherrini 2022 წელს ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ გააქტიურდა. მათ შორის, ჩინეთთან გაფორმდა 4 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ონლაინ პლატფორმა Tmall-ზე გაყიდვებს გულისხმობს.
ხოლო უკვე აპრილიდან ბრენდი მილანისა და კანადის ბაზრებზე შევა.
რაც შეეხება Gepherrini-ს წარმოებას, როგორც ილია გეფერიძე ამბობს, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, კომპანიამ 25%-იანი ზრდა მოახერხა.
„პოსტპანდემიური პერიოდი მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით გამოირჩევა. ჩვენს შემთხვევაში 15%-ით გაგვიძვირდა ნედლეული, ამავე მაჩვენებლით გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ღირებულება, თუმცა ამავე დროს მოთხოვნაც მატულობს.
რეალიზაციაში 25 %-იანი ზრდა გვქონდა წინა წელთან შედარებით. აპრილის ბოლოდან მილანში დავიწყებთ გაყიდვებს.
დოკუმენტები ხელმოწერილია და მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ კანადაში. თუმცა მუდმივად ვზრუნავთ ქართველ მომხმარებელზეც, რომელთანაც განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება გვაკავშირებს, თუმცა საბოლოოდ პროდუქტს ვქმნით ყველასთვის - როგორც შიდა ასევე ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ვცდილობთ, არ მოვექცეთ ჩარჩოებში და ვიყოთ საერთაშორისო ბრენდი, რისთვისაც ფაქტობრივად ყველა პირობა გვაქვს.
ადრე ფიზიკურ მაღაზიებს დიდი როლი ენიჭებოდა, მაგრამ მოცემულობა შეიცვალა და ონლაინ სეგმენტიც საკმაოდ განვითარდა, რასაც ბიზნესი კარგად მოერგო“, - ამბობს ილია გეფერიძე Business Insider Georgia-თან.
მისივე ინფორმაციით, გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის.
ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.
რაც შეეხება მილანში გამართულ მიპელის გამოფენას, 1987 წლიდან იღებს სათავეს. გამოფენაში ცნობილი ბრენდები, პრადა, ტრუსარდი და ა.შ. მონაწილეობენ.
მიპელის გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, სადაც წარმოდგენილი იყო 300 ბრენდი და ჰყავდა 12 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენა მიმდინარე წლის სექტემბერშიც გაიმართება, სადაც Gepherrini განახლებულ პროდუქციას წარმოადგენს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება