პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სურსათზე ფასების დასარეგულირებლად ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას.
მისივე თქმით, კანონპროექტი დამყარებული იქნება ევროპულ პრაქტიკაზე.
„საწვავისა და სურსათის ფასებთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა. სურსათის ფასებთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც გავავრცელე, არის ის, რომ ჯამურად, ფასნამატი არის 70-80% და ზოგ შემთხვევებში, 100%.
რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა, თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ ასევე მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ მათი მოგება არაა მთლიანად, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომელიც არის მათ მიერ განსაზღვრული.
სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული კითხვები, ლეგიტიმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, არსად ევროპაში ეს წესები არ მოქმედებს. ეს საკითხები დარეგულირებულია ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება დირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ.
ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან, ასევე დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და პარალელურად წარვუდგენთ ამ კანონპროექტს პარლამენტს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, რომ ეს ევროდირექტივა და რეგულაციები შემოვიღოთ.
სხვანაირად უხეში იქნება ჩვენი მხრიდან ხელოვნური ჩარევების განხორციელება. ამიტომ გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ამით რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ, რა თქმა უნდა, განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე, „რითეილს“ ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ესაა გამოსავალი რაც ამ მოკლე, ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფასები შემცირდეს, არაგონივრული მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტები, ეს ჩვენს ხალხზე აისახება.
ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, გასული თვის ინფლაცია იყო 9.4%, აქედან 6.1% არის სურსათის ფასები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც კი დარეგულირდება ეს ფასები, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული და ეს სიკეთე აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე.
მთავრობა ამ კანონპროექტს მალე გაუგზავნის პარლამენტს და იმედი მაქვს, მალე მივიღებთ ამ რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოსავალი არ ჩანს. არ გვინდა, რომ ჩვენ ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს, მთავრობა ერევა უხეშად ბიზნესის საქმიანობაში, ეს ჩვენი წესი, ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არაა, ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი