15-19 მაისს ქართველი მეღვინეები ლონდონში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, გამოფენაზე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მეღვინეები წარდგებიან.
მათი პროდუქცია დასავლურ ბაზარზე ნელი ტემპებით, მაგრამ მყარად იკიდებს ფეხს.
ერთ-ერთი ასეთია ბიოღვინო „ხომლის უსახელოური“, რომელიც ამ ეტაპზე ლონდონის ბაზარზე იყიდება.
კერძოდ, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო „ხომლის უსახელოური“ შუაგულ ლონდონში, მაღაზია Hedonism Wines-ის რჩეული ღვინოების სიაშია.
როგორც უნიკალური ღვინის მწარმოებელი თამაზ ომანაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, „უსახელოური“ ლონდონში, მაღაზიაში წარმოდგენილ ახალ ღვინოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირია.
თეთრი ღვინის ფასი 500 ევროს შეადგენს, ხოლო წითელი ღვინო, ასევე ,,უსახელოურის“ ბრენდით, 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება.
„საქართველო ღვინის სამშობლოა და ბუნებრივია, გვაქვს ამბიცია, ქართული ღვინოების დიდი ნაწილი სწორედ მაღალ სეგმენტში იყოს წარმოდგენილი და კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდეს.
გლობალურ ბაზრებში მონაწილეობა ამის დიდ შანსს გვაძლევს. ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო ლონდონის ბაზარზე იყიდება. თუმცა რეალიზაციაზე მეტად, მარკეტინგის კუთხით და ცნობადობის გაზრდით ვართ დაკავებული.
ამაზე მიდის მთელი მუშაობა, რომ „უსახელოური“ და ზოგადად, ქართული ღვინო ევროპაში უფრო ცნობადი გახდეს.
ვიმედოვნებთ, რომ გამოფენა ახალი პარტნიორების მოძიებაშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.
მეღვინეობის კუთხით, დიდი ბრიტანეთი დემოკრატიულია, განსხვავებით იტალიისა და საფრანგეთისგან, სადაც უპირატესობა კლასიკურ ღვინოებს ენიჭება.
საინტერესოა გერმანიაც, მართალია ღვინის ქვეყანა არ არის, მაგრამ დიდ ინტერესს იწვევს ფინანსური კუთხით და ამ ბაზარზე მოხვედრას ყველა ქვეყნის მეღვინე ცდილობს“, - ამბობს თამაზ ომანაძე.
ცნობისთვის, „ხომლის უსახელოურის“ ლონდონის ბაზარზე 900 ფუნტს შეადგენს. გაყიდვაშია საქართველოშიც, სადაც მისი შეძენა სულ რამდენიმე ობიექტშია შესაძლებელი:
„8000 მოსავალი“, ,,ღვინის გალერეა“ და ,,მარიოტი“. ადგილობრივ ბაზარზე 1 ბოთლი ,,ხომლის უსახელოურის“ ფასი 750-850 ლარის ფარგლებშია.
ყველაზე ძვირად, კომპანიის საკოლექციო ღვინო 2022 წელს 3000 ლარად „ღვინის გალერეაში“ გაიყიდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი