სამშენებლო ჰიპერმარკეტი „გორგია“ დედაქალაქის ცენტრალურ უბანშიც იხსნება. როგორც Business Insider Georgia-ს „გორგიაში“ დაუდასტურეს, უახლოეს თვეებში კომპანიის ფილიალი ვაკეში, Axis Towers-შიც იქნება წარმოდგენილი, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მალე დაიწყება.
„ეს ჩვენთვის რიგით მე-12 ფილიალია. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე „გორგიას“ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ფილიალი ვაკეშიც გახსნილიყო“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ.
დღეისათვის თბილისში „გორგიას“ ფილიალები დიდუბეში, ლილოში, გლდანის სითი მოლსა და საბურთალოს სითი მოლში მდებარეობს, რასაც სულ მალე ვაკის ფილიალიც შეემატება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს „გორგია“ გეგმავს სავაჭრო ცენტრების გახსნას საქართველოს სხვა ქალაქებშიც. კომპანიის სტრატეგიულ მიზნებშია ასევე მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირისა და ამიერკავკასიის ბაზრების ათვისება - დაგეგმილია ფილიალის გახსნა სომხეთშიც.
„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში და პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირის ბაზარსაც სთავაზობს.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება