USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფეროშენადნობების ადგილობრივი წარმოება კრიზისშია. გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა შემცირდა - ასოციაცია

ფეროშენადნობების ადგილობრივი წარმოება კრიზისშია. გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა შემცირდა - ასოციაცია

2023-03-04 01:39:45

ქართული ფეროშენადნობების წარმოება სერიოზულ კრიზისს განიცდის. გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება და სილიკომანგანუმის გაიაფებამ ქართველ მწარმოებლებს დიდი პრობლემა შეუქმნა.

როგორც „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე გავლენა იქონია ადგილობრივ წარმოებაზე ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილებამ ქართულ ფეროშენადნობებზე ბაჟის გაძვირების შესახებ, რის გამოც საქართველოში წარმოებული ფოლადი და სილიკომანგანუმი კონკურენტუუნარო აღმოჩნდა და რუსეთის ბაზარზე ვერ შედის.

„გლობალურ ბაზრებზე მკვეთრად ნეგატიური სიტუაციაა. ფასების კლების ტენდენცია 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და განუხრელად გრძელდება.

აშშ-ში 1 ტონის ღირებულება $2600 დოლარის ფარგლებშია, 42%-იანი კლება ფიქსირდება. ეს მაშინ, როცა გასული წლის პირველ კვარტალში ამ პროდუქტზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. მიმდინარე უარყოფითი ტრენდი დიდი კრიზისის გამოძახილია.

ამას დაემატა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მიღებული გადაწყვეტილება ქართულ პროდუქციაზე ბაჟის დაწესებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ევრაზიის კავშირის ქვეყნებში ჩვენი პროდუქცია კონკურენტუუნარო გახდა. რუსეთის ბაზარი დახურულია, ევროპაში კრიზისია და დიდი პროექტები არ ხორციელდება, ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

პანდემიის პერიოდშიც კი არ გავჩერებულვართ, მაგრამ რეგიონში ომმა მოთხოვნაზე იმოქმედა და ამან ფასების ნახტომისებრი კლება გამოიწვია. მეტალზე როცა მოთხოვნა იკლებს, ჯაჭვურ რეაქციას იწყებს და სილიკომანგანუმიც იაფდება, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით პრობლემაა“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

ამ ეტაპზე ქართული ფეროშენადნობების ძირითადი ბაზარი აშშ და თურქეთია. შედარებით ნაკლები რაოდენობით პროდუქცია ირანში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, ჩილეში, პერუში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, კოლუმბიაში, ყაზახეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გადის.

„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ძალიან მალე ეს მოცემულობა შეიცვლება, რადგან თურქეთში მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება და ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნაც გაიზრდება.

„მიწისძვრის შემდეგ, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს თურქეთი, ეს დრამატული ვითარებაც შეიცვლება. მით უმეტეს, თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 წელიწადში აღადგინოს დაზიანებული რეგიონები. შესაბამისად, ეს მოთხოვნის და პარალელურად, ფასების ზრდასაც გამოიწვევს. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქარხნები ჩაერთვებიან და დადებითი ტენდენცია გამოიკვეთება“, - დასძენს ნუგზარ კევლიშვილი Business Insider Georgia -თან.

რაც შეეხება ევრაზიული კავშირის მიერ დაწესებულ საბაჟო გადასახადს, 21,5%-24,5%-ის ფარგლებშია. გადაწყვეტილება 2022 წლის დეკემბერში მიიღეს, რამაც ქართული ფეროშენადნობების წარმოება ძალიან დააზარალა.

  • დარგში 20 000 -მდე ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის, ,,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მონაცემით, ქვეყნის საექსპორტო ათეულში ფეროშენადნობები მეორე ადგილზეა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან $295,6 მილიონის ფეროშენადნობი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 15,7% შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი $186,3 მილიონს შეადგენდა და მთლიანი ექსპორტის 13,5% იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები