„ტირიფონის ხილის“ შემდეგ დუბაის ბაზარზე შესაძლოა, ქართული კენკრა და მოცვი გამოჩნდეს. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა, ამ ბაზართან მიმართებით ქართველი მეწარმეების ინტერესი მზარდია.
„ვემზადებით მოცვის სეზონისთვის. დიდი ინტერესი გამოთქვა მოცვის ასოციაციამ. ბევრი კომპანია გვიკავშირდება და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ჩართულობით, მოცვისა და კენკრის სეზონზე გარკვეულ პროდუქციას დუბაიში გავიტანთ და ქართველ მეწარმეებს ამ ბაზრის ათვისებაში დავეხმარებით“, - ამბობს გოგალაძე.
როგორც Eximcrop-ის წარმომადგენელი ამბობს, აქამდე მეწარმეების გათვლები რუსეთს ბაზარს უკავშირდებოდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.
„როგორც ვაშლი ასევე მოცვი რუსებს თავისი აქვთ და მიწოდების ეს ჯაჭვი თავიდან-ბოლომდე არ არის საიმედო. ამიტომ, რომელი ბაზარიც უფრო გადახდისუნარიანია და მეტი მოთხოვნაა, იქითკენ უნდა იყოს მიმართული მეწარმეების ხედვა და ქართული პროდუქციის ექსპორტი.
თუ ყოველ მეორე დღეს ქართველი მეწარმეები 15 ტონა მოცვის შეგროვებას შეძლებენ დუბაის მიმართულებით, ჩარტერულ რეისებს დავნიშნავთ. ამაზეც გვაქვს ხელშეკრულება. მოცვსა და კენკრას დუბაიში გადავზიდავთ და ჩვენს საწყობში შევინახავთ. შემდეგ მეწარმეები დამკვეთებს პროდუქციას კომფორტულად მიაწვდიან. ამასთან გვაქვს სპეცილაური ლიცენზია, რომლის დახმარებითაც მეწარმეები დუბაიში პროდუქციას საბითუმო მოვაჭრეების გვერდის ავლით უფრო ძვირად გაყიდიან. საქართველოში მოცვის მოცულობა დიდია. სოლიდური ინვესტიციები ჩაიდო და გასაღების ბაზარს უჭირს“, - ამბობს გოგალაძე.
კომპანია Eximcrop-ი 2021 წელს დაფუძნდა. ეს არის ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში ეხმარება.
„2022 წელს გავხსენით ფილიალი საქართველოში და განვახორციელეთ „ჯორჯიან ფრუტის“ ვაშლატამას ექსპორტი. მიწოდების ჯაჭვს თავიდან-ბოლომდე ვაკონტროლებთ. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ამ პროცესში ჩართულია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და ქართველი ფერმერები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ ქართული პროდუქცია სხვადასხვა ბაზრებზე გაიტანონ.
იმედია, რომ ბევრი ქართველი მეწარმე დაინტერესდება დუბაის ბაზრით. აქამდე არ არსებობდა ლოგისტიკური ბმა. მთლიანი მიწოდების ჯაჭვი და ჩვენ ფაქტობრივად ეს გზა გავკვალეთ. ჩვენ გვაქვს საწყობები დუბაიში და ხარჯს ფაქტობრივად 5-ჯერ ვაიაფებთ“, - ამბობს გოგალაძე.
შეგახსენეთ, რიომ მანამდე Eximcrop-ი ვაშლის დუბაის ბაზარზე ექსპორტში „ტირიფონის ბაღებს“ დაეხმარა.
ნინო ნატროშვილი
უახლესი
8 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება