კატარში, „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ პირველი ქართული პრემიუმ კლასის რესტორანი გაიხსნა, რომელიც დოჰაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს.
„თავიდან გაჩნდა იდეა. საქართველოში ნატახტარში, „ვილა მოსავალში“ გვყავდნენ სტუმრები კატარიდან, რომელთაც ძალიან მოეწონათ სასტუმრო, კერძები და სერვისი. საქართველოში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ დოჰაში ჰქონოდათ იგივე სტილის რესტორანი ანალოგიური კერძებითა და სერვისით“, - ამბობს Business Insider Georgia-თან „ვილა მოსავლის“ გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ შეყრილაძე.
მისივე თმით, პროცესი დაიძრა და „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ დოჰაში რესტორნის გახსნას ერთი წელი დასჭირდა. რესტორნის ინტერიერის შექმნა დოჰას წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს, ხოლო დაწესებულება მომსახურე პერსონალით საქართველოდან დაკომპლექტდა.
„დოჰაში „ვილა მოსავლის“ რესტორანი საუკეთესო თანამშრომლებით დაკომპლექტდა. დაწესებულებაში 80-მდე ადამიანი მუშაობს“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.
მისივე თქმით, დოჰაში, მეორე რესტორან „ალტერასსაც“ ფლობენ, რომელიც ტურისტულ ქუჩაზე გაიხსნა და საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.
ქართული რესტორნები დოჰაში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ერთობლივი კაპიტალით გაიხსნა. „ინვესტიციის მოცულობა სოლიდურია“, - ამბობს „ვილა მოსავლის“ გენერალური მენეჯერი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ნიკოლოზ შეყრილაძე Business Insider Georgia-თან ამბობს „ვილა მოსავლის“ ქსელის გაფართოების სურვილი აქვთ და რამდენიმე ქვეყნის ბიზნესწრეებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გენერალური მენეჯერი აღნიშნავს ეს საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და საყურადღებო პროცესია.
„ვილა მოსავალი“ საქართველოს ბაზარზე ნატახტარში ერთი ობიექტითაა წარმოდგენილი.
ნინო ნატროშვილი
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი