USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო 3 წელიწადში კვერცხი 25-30%-ით გაძვირდა - მიზეზები

ბოლო 3 წელიწადში კვერცხი 25-30%-ით გაძვირდა - მიზეზები

2023-02-21 11:09:16

პანდემიის პერიოდში სურსათის გაძვირების დაწყებული ტენდენცია გრძელდება. რძის პროდუქტებთან ერთად, გაძვირდა კვერცხიც, რომლის ფასიც წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა, ხოლო 3 წლის მონაცემით, პროდუქტზე ფასი 25-30%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

Business Insider Georgia-სთან კვერცხის გაძვირების ტენდენციაზე კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, კვერცხის გაძვირების ტენდენცია პანდემიასთან ერთად დაიწყო, ბოლო პერიოდში კი ფასზე გავლენა ჰქონდა კომუნალურ გადასახადებს. ასევე ფასის ცვლილებაზე იმოქმედა უკრაინის ბაზრის ჩაკეტვამაც.

„ფასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური გავლენაც იგრძნობა. ხორბლის ფასი ამ ეტაპზეც მაღალ ნიშნულზეა, თუმცა პროდუქტის ღირებულებაში ეს ფაქტორი უკვე გათვალისწინებულია.

2019 წელს, პანდემიის გამო სახვა პროდუქტებთან ერთად, კვერცხის გაძვირების ტენდენცია დაიწყო და ჯერაც სახეზეა. ბოლო 3 წელიწადში პროდუქტის ფასმა 25-30%-ით მოიმატა, ,,საქსტატის“ კვლევით კი, ფასი წელსაც გაზრდილია“, - ამბობს მეწარმე და დასძენს, რომ ფასებზე ბოლო პერიოდში კომუნალური გადასახადების გავლენაც დიდია.

„ელექტროენერგიის შემთხვევაში ფაქტობრივად გაორმაგებულია გადასახადი, ასევე 50%-ით გაგვიძვირდა გაზი. ერთი წიწილის გამოზრდას +35 გრადუსი სჭირდება. დიდ სივრცეში ასეთი ტემპერატურის შენარჩუნებას მეტი ელექტროენერგია და გაზი სჭირდება.

საბოლოო ჯამში, ფასში ისეთი მკვეთრი სხვაობაა, რომ კვერცხი ამაზე მეტად არ უნდა გაძვირდეს, თუმცა ფასის შემცირება მოსალოდნელი არ არის”, - ამბობს ,,კუმისის” ხელმძღვანელი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით, 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4% იყო, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები კი 0.8%-ითაა გაზრდილი.  

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში რძე, ყველი და კვერცხი  ერთ-ერთ პირველ ადგილზეა იმ პროდუქტებს შორის, რომლებზეც ფასის ზრდამ 16.7% შეადგინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები