სამშენებლო მასალებისა და მომსახურების გაძვირებამ ბინების რემონტის საფასურიც მკვეთრად გაზარდა. როგორც სარემონტო-სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, ფასების ზრდა 2019 წელს, პანდემიისას დაიწყო და ამ დროისთვის დაახლოებით 40-50 %-იანი ზრდა ფიქსირდება.
კომპანია ,,ქალდის“ წარმომადგენელი გიორგი ქელბაქიანი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ სერვისის გაძვირებას მოთხოვნაზე გავლენა არ მოუხდენია. მეტიც, გაიზარდა კიდეც, რაც უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებას უკავშირდება.
„იმის გამო, რომ სამშენებლო მასალები გაძვირებულია და ზოგადად, მომსახურების სეგმენტში ფასების ზრდის ტენდენციაა, ეს გავლენას სარემონტო სამუშაოებზეც ახდენს. ბოლო 3 წელიწადში ფასი 30-40%-ით არის მომატებული. რაღაც ეტაპზე ამან მოთხოვნაზეც იმოქმედა, მაგრამ მერე ისევ გამოსწორდა სიტუაცია. ბინის რემონტის ფასი საშუალოდ 250 დოლარიდან იწყება. მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაო 450-500 დოლარამდეც ჯდება. დღეს არც ერთი კომპანია ძველი ფასებით აღარ მუშაობს“, - ამბობს გიორგი ქელბაქიანი.
მიუხედავად იმისა, რომ რემონტის გაკეთება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, სამშენებლო კომპანიებისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც მოთხოვნა მზარდია. გიორგი მურუსიძე, რომელიც კერძო შეკვეთებს ასრულებს, Business Insider Georgia-სთან აცხადებს, დღეს ,,ხელობა" ძვირად ფასობს.
,,მომსახურება მკვეთრადაა გაძვირებული. ვმუშაობთ როგორც სამშენებლო კომპანიებთან, კერძო შეკვეთებსაც ვიღებთ, ორივე მიმართულებით აქტიური მოთხოვნაა. შეიძლება, ოჯახს არ ულხინს, მაგრამ თუ დანაზოგი აქვს, ბინებისა და სახლების გაახლებას ცდილობს ან სესხით სარგებლობს. რემონტისთვის უფრო საშუალო ფასის მასალები გამოიყენება. რაც შეეხება ხელობას, ადრე 1 კვ/მ ლამინატს თუ 10-15 ლარად ვაგებდით, დღეს 25 ლარზე ნაკლებად ამ სამუშაოს არავინ ასრულებს. გაზრდილია სამღებრო სამუშაოების ფასიც და საშუალოდ 1 კვ/მ -ზე 15 ლარია. ე.წ. სველი წერტილების მონტაჟი 40-50 ლარის ფარგლებშია, ხელოსანი რომ დასჭირდეს ოჯახს, თუნდაც ერთჯერად სამუშაოზე, დღიურად 70 ლარზე ნაკლებს უკვე არავინ იღებს“, - ამბობს გიორგი მურუსიძე.
სამშენებლო სფეროში ფასების ზრდის მიუხედავად, სექტორი მაღალ აქტიურობას ინარჩუნებს, რაც ბინების რეალიზაციის მაჩვენებლებზეც აისახება.
როგორც სტატისტიკა ადასტურებს, ზრდა ამ მხრივ ძირითადად სხვა ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზეა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის თანახმად, 2022 წლის 11 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ თბილისში სახლის/ბინის გაყიდვები ძირითადად (86%) საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, რუსეთის მოქალაქეების წილი კი 2.5% იყო. რაც შეეხება ბათუმს, გაყიდული ბინების 61.8% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, 11.2% კი რუსეთის მოქალაქეებზე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი