უძრავი ქონების ფასები სტაბილურდება, თუმცა ფასის კლების ტენდენცია არ არის. ლიკვიდურ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია, - ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა მებაღიშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს.
მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ყაზახეთის მოქალაქეების აქტივობა შეიმჩნევა.
„ბინების გაქირავების ბაზარზე ბუმი აღარ არის, თუმცა მიგრანტები ისევ ჩამოდიან. რუსებისა და ბელორუსების შემდეგ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყაზახეთის მოქალაქეები გააქტიურდნენ. ამიტომ იჯარისა და გაქირავების ბაზარი კვლავ აქტუალურია“, - ამბობს მებაღიშვილი.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ მიმზიდველია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
„გადამწყვეტ როლს თამაშობს საკვები, კლიმატი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიჩნევენ,რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მომგებიანია. რა თქმა უნდა რისკები არის, როცა ეს მასობრივია, თუმცა ქვეყანაში რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლა რუსეთ -უკრაინის ომმა განაპირობა“, - ამბობს მებაღიშვილი.
რაც შეეხება პროგნოზს, მებაღიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდა, უძრავი ქონების ბაზარზეც ვითარება არ შეიცვლება.
„არის ეჭვები, რომ ეს დიდი ბაბლი არ იყოს და არ ჩამოიშალოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლა ინტერესი ქვეყნის მიმართ არის. ვითარდება ინფრასტრუქტურა. თუ ეკონომიკური ვითარება აირია ნეგატიურ ეფექტებზე შემდეგ ვილაპარაკოთ“, - ამბობს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემით, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი).
აღნიშნულ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 280.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო 2022 წლის II კვარტალთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება