„ბადაგონი“ დღესდღეობით 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ყველა ქვეყანა და ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩინეთი არის ის მიმართულება, სადაც განსხვავებული პოლიტიკითა და სტრატეგიით შევედით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა მარი გიორგაძემ განუცხადა.
„ბადაგონმა“ სამიზნედ პრემიუმ-სეგმენტი აირჩია და ამ ბაზარზე პრემიუმ კლასის ღვინოების ექსპორტი დაიწყო. „დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია ჩინეთის ბაზარზე წარმატებულია და ცნობადი. ჩინეთში, „ბადაგონის“ სახელით 18 რესტორანი და შოურუმი ფუნქციონირებს.
ამ თემაზე საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ბადაგონის“ ქვევრის ღვინოები ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანში მზადდება, რომელიც კომპანიამ აღადგინა და ახალი კომპანიის ყველაზი დიდი უპირატესობა, ძალა, ცალსახად არის ბრენდი „ბადაგონი“-ის ხარისხი, ცნობადობა და ჩვენთვის საამაყო - მომხმარებლის სიყვარული და ერთგულებაა“.
მისივე თქმით, „ბადაგონი“ წარმატებით ოპერირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, „თუმცა ამ ქვეყნის სიდიდისა და პოტენციალის გათვალისწინებით ვგეგმავთ მოცულობის მკვეთრ ზრდას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით კანადის ბაზარზე შესვლის მიმართულებით. ვაპირებთ გაფართოებას აზიის ქვეყნებში“.
ამასთან კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ „ბადაგონისთვის“ მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნები. ღვინის კომპანია გერმანიაში ფლობს ჰაბს, საიდანაც ევროპის ქვეყნებში ღვინის მიწოდება და თითქმის მთელი არეალის დაფარვა ხდება.
რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, სადაც 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ იქ რისკები ახლაც არსებობს და ამიტომ ექსპორტი დივერსიფიცირებული აქვთ.
„რუსეთის ბაზარს სერიოზული წილი უკავია ქართული ღვინის გაყიდვებში, თუმცა ამ ბაზარზე რისკები ყოველთვის იყო. აქვე დავძენ, რომ კომპანია „ბადაგონმა“ ოპერირება სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის დახურული იყო.
ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში გავიდა“, - ამბობს მარი გიორგაძე.
რაც შეეხება 2023 წელის გეგმებს, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „ბადაგონი“ მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს, როგორც ღვინის, ისე ტურიზმის მიმართულებით.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალ პროექტებზე და არც 2023 წელი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი