პანდემიური პერიოდის გამოწვევები სოციალურ საწარმო ,,ბაბალეს" საქმიანობაში საკმაოდ რთული იყო. როგორც „დაუნის სინდრომის ასოციაციის" წევრი ნინო კალანდია Business Insider Georgia-თან ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საწარმოს ძალიან გაუჭირდა და ონლაინ გაყიდვებიც შემცირებული იყო, თუმცა წარმოებამ არა მხოლოდ ძალების აღდგენა შეძლო, პროდუქციის ახალი ხაზიც გამოუშვა.
„სამზარეულოს აქსესუარები ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის მოსახერხებელი, სასურველი ნივთია. ახალი მიმართულება იმეორებს წინდების დიზაინს და ინსპირირებულია დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატებითა და ეროვნული მემკვიდრეობით. საწარმოს თანამშრომლები ამ ეტაპზე აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით საქმეში, რაც აღნიშნული პროდუქციის დახვეწილ ვიზუალსა და დიზაინს გულისხმობს. სამზარეულოს აქსესუარების ხაზი ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა", - ამბობს ნინო კალანდია.
მისივე ინფორმაციით, ,,ბაბალეს" სოციალურ საწარმოში მზადდება ხის, კერამიკისა და ტექსტილის როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი ნივთები: ხის ზარდახშები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, აქსესუარები, სხვადასხვა ფიგურები და სადღესასწაულო ნივთები, როგორიცაა სააღდგომო და საშობაო სუვენირები, ნაძვის ხეები, ანგელოზები და სხვა სახის პრაქტიკული თუ დეკორატიული ნაკეთობები. წარმოებული პროდუქცია ონლაინ მაღაზია www.babale.ge -ს საშუალებით იყიდება, რომელიც აქტიურად მუშაობს.
წინდების შეძენა კი დამატებით ,,ბიბლუსის" ქსელშიც არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის" - ამ სლოგანით „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" წელს მეთორმეტედ შეუერთდა მსოფლიო საზოგადოებას და 21 მარტს - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა.
სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ქოლგის ქვეშ 2014 წელს შეიქმნა. საწარმოში დასაქმებულია 10 ადამიანი, მათგან 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, დანარჩენი კი მშობლები.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი