USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ათიდან რვა ჯავშანი უქმდება - რა გამოწვევების წინაშეა სასტუმროების ბიზნესი მესტიაში

ათიდან რვა ჯავშანი უქმდება - რა გამოწვევების წინაშეა სასტუმროების ბიზნესი მესტიაში

2023-02-24 23:30:41

უამინდობამ სვანეთში ტურისტულ სექტორს პრობლემები შეუქმნა. მესტიასა და ლენტეხში ტურისტებს არსებულ პირობებთან შეგუება უჭირს.

სასტუმროების უმეტესობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება, არც წყალი აქვთ, ხოლო გზების დიდ ნაწილზე დიდთოვლობის გამო გადაადგილება ვერ ხერხდება.

როგორც სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, ყოველი ათიდან რვა ჯავშანი უქმდება, რაც სექტორისთვის დიდი პრობლემაა.

მესტიაში მდებარე სასტუმრო ,,ოლდ სითის" დამფუძნებელი ნინო წულუკიანი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ თებერვლის დასაწყისიდან რეგიონში ტურისტების სიმრავლე შეიმჩნეოდა, თუმცა ახალი ნაკადები არ ემატება და ჯავშნებიც უქმდება, რაც უამინდობამ და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

„იანვარში ჯავშნების ნახევარზე მეტი გაუქმდა, რადგან თოვლი არ იყო. პირიქითაა, დიდთოვლიანობაა და უკვე სხვა პრობლემის წინ აღმოვჩნდით. დენი წარამარა ითიშება.

ტურისტებისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კომფორტულად დაისვენონ, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა არასაკმარისია, როცა გარშემო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. ელემენტარულად, გზა არ არის, რომ მოძრაობა და ტერიტორიის დათვალიერება შეძლონ.

ახლა ამას დაემატა ელექტროენერგიის პრობლემა. დღეში რამდენიმეჯერ ითიშება დენი და გენერატორების ჩართვა გვიწევს. იყინება წყალი და სხვა, სრული ქაოსია, რაც ნორმალური დასვენების საშუალებას არ იძლევა. ინფრასტრუქტურა ნამდვილად ცუდ დღეშია, პატრონი არ ჰყავს რეგიონს, ეს არ არის ტურიზმი, როცა ელემენტარულ კომფორტს ვერ ქმნი.

სასტუმროები რასაც ვახერხებთ, ამაზეა დარგის კეთილდღეობა დამოკიდებული. ფაქტობრივად არ არის გზა, ზუგდიდამდე მესტიაში ამოსვლას 6 საათი სჭირდება და ეს არანორმალურია", - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.

განსაკუთრებით კოტეჯებს უჭირთ, რომელთა უმეტესობა დროებით დაიკეტა.

„ლენტეხის მთის სასტუმროს" მფლობელი ნინო ფეტელავა ამბობს, რომ სასტუმროს ბაზაზე არის კოტეჯიც, რომელმაც ზამთარში უამინდობის გამო ვეღარ იმუშავა.

„რამდენიმე დღე ითოვა და თითქოს გარე სამყაროს მოვწყდით. არც დენი, არც წყალი, რამაც ტურისტებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, თუმცა სოფლების ნაწილი ისევ ჩაბნელებულია. სათანადოდ ვერც გზები იწმინდება.

აქედან წასული თითქმის ყველა ტურისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ არაჩვეულებრივი მასპინძლობას გაუწიეს, მაგრამ ცუდად დაისვენეს“.

ტურიზმი მარტო პურ-მარილი არ არის. ნეგატიური შეფასება ტურისტული იმიჯისთვის საზიანოა. ეს ეხება ყველას, როცა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა არ ხვდებათ, ქართველიც და უცხოელიც უკმაყოფილოა. ვინც შეკვეთა გააკეთა ან სურდა დაჯავშნა, წინასწარ გავაფრთხილე, რომ მკაცრი ზამთარია, შეიძლება დენი და წყალიც არ ჰქონდეთ, რაც არ აწყობთ და ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ დასვენებაზე. რასაც ვუყურებ, მძიმე სიტუაციაა, ფაქტობრივად ყოველი ათი ჯავშნიდან რვა უქმდება. კოტეჯი საერთოდ ვერ ვამუშავეთ", - ამბობს ნინო სასტუმროს მფლობელი Business Insider Georgia - თან.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობისას გადამცემი ხაზების დაზიანების გამო სვანეთს რამდენიმე დღის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლების უმეტესობა ჩაბნელებულია. მესტიის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს და 163 სოფლიდან 100-ზე მეტში პრობლემა მოგვარეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები