მთავრობისა და ბიზნესის აქტიური კომუნიკაციის ფონზე საწვავის გაიაფება დაიწყო და ტენდენცია გაგრძელდება. ამ დროისთვის არაბრენდირებულ სადგურებსა და ბრენდირებულებშიც საწვავის ფასმა გარკვეული კორექტირება განიცადა. საფასო სხვაობა ბოლო 10 დღეში 5-დან 10 თეთრის ფარგლებშია.
ამ პროცესს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნავთობის იმპორტიორი კომპანიების კრიტიკა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ღიად აცხადებს, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასები მკვეთრად შემცირდება, რაზეც საწვავის მომწოდებლებთან და რეალიზატორებთან შეთანხმება მიღწეულია.
საწვავის გაიაფების ფაქტს ადასტურებს და იმპორტიორთა პოზიციას იზიარებს „გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
მისი განცხადებით, საწვავზე ფასები მცირდება, თუმცა ვერ აკონკრეტებს რა იქნება მომავალში და სანამდე შეიძლება გაგრძელდეს გაიაფების ტენდენცია.
„ფასების შემცირება რეალურად დაწყებულია. დიზელის საწვავის შემთხვევაში გაიაფების ტრენდი ცალსახად გაგრძელდება. გარკვეული დოზით დაიკლებს ბენზინის ფასიც დიდი ქსელური კომპანიების ხარჯზე. პატარა ქსელებს ფასების კლების რესურსი ამ ეტაპზე არ აქვთ. ბრენდირებულ ქსელებში კი ბენზინის და დიზელიც გაიაფდება.
კონკრეტულად ვერ გეტყვით რა ნიშნულამდე, თუმცა ცხადია, რუსეთის ფაქტორიც მოქმედებს. საერთაშორისო ფასთან შედარებით, რუსეთიდან იაფი პროდუქტი შემოდის და ფასებზე ლავირების საშუალებას იძლევა", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი Business Insider Georgia -სთან.
მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში საწვავი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის საკმაოდ დაბალი ღირებულებით.
მთვრალაშვილის შეფასებით ბაზარზე არსებული ვითარება გავლენას ახდენს საფასო პოლიტიკაზე და საწვავზე ფასის კლება სწორედ ამითაა განპირობებული.
ცნობისთვის, 2022 წელს საქართველომ რუსეთში $622 747 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიძინა, შედეგად კი 2021 წლის ლიდერი იმპორტიორი თურქმენეთი ჩაანაცვლა.
18 თებერვლის მონაცემებით, ბრენდირებულ ქსელებში 1 ლიტრი „რეგულარი" 2,49-2,70 ლარი ღირს. ამავე მოცულობის დიზელის ფასი 3,59-3,65 ლარის ფარგლებშია.
პრემიერის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად, სამინისტროების მიერ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასს შეისწავლის.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი