მეხორბლეები გასული წლის მოსავალს ვერ ჰყიდიან და ვერც ნათესებს უვლიან.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო ბოღაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მარცვლეულს თვითღირებულების ფასშიც ვერ ჰყიდიან და ვერც ახალი მოსავლის მისაღებად იჭერენ თადარიგს, რასაც წლევანდელ სეზონზე მკვეთრად უარყოფით გავლენა ექნება.
„ფერმერები არნახულ ზარალს განიცდიან. ერთადერთი თხოვნა აქვთ ხელისუფლებასთან, რომ რეალიზაციაში დაეხმარონ. ფასი განახევრდა. კილოგრამ ხორბალზე 60 თეთრს ჩამოსცდა უკვე, როცა შარშან 1 ლარს აჭარბებდა. საწყობები გატენილია, წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა გაკეთდეს, როცა გაყიდვის ელემენტარული პირობაც არ არის. რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ სექტორს გაუგონარი ზიანი მიაყენა. ხელი ჩაიქნიეს ფერმერებმა, ნათესების მოვლა უჭირთ, სასუქი ვერ შეუტანიათ, დიზელი 4,5 ლარი ღირს, ხარჯს ვერ უმკლავდებიან. მთავრობას დაგეგმილი აქვს ხორბლის მოსავლის გაზრდა 30-50%-ით უახლოესი წლების განმავლობაში. ახლა ეს მაჩვენებელი 25%-ს არ აღემატება, მაგრამ თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, ესეც მიუღწეველი დარჩება“, - ამბობს ბონდო ბოღაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე საბაჟო გადასახადი, ხოლო ფქვილზე განულებულია, რამაც იმპორტის ზრდა განაპირობა. პურისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წისქვილებმა უკვე მეორედ შეაჩერეს მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კი ირწმუნება, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ბიზნესთან და ეკონომიკური გუნდის უწყებებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილებები დღემდე არ მიუღიათ.
2022 წელს ხორბლის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 95.1% ,,საქსტატის“ ცნობით, გასულ წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება 2023 წლის იანვარში ხორბლის იმპორტმა 16 704 ტონა შეადგინა. ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი