საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO)ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორი ნიკოლას რალო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ქარქაშაძემ პრეზენტაციის სახით საქართველოში ავიაციის ბაზრის განვითარება და აეროპორტების ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა.
ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორმა დადებითაც შეაფასა ყველა ის პროექტი, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აეროპორტებში ხორციელდება.
,,თქვენ ხართ მსოფლიო აეროპორტების დიდი ოჯახის წევრი ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურით, ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით. ყველა თქვენი მოქმედი აეროპორტი სერტიფიცირებულიასამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და იქ არსებული სტანდარტები სრულად შეესაბამება ICAO-ს მოთხოვნილ რეკომენდებულ საერთაშორისო პრაქტიკას და მოთხოვნებს,-“განაცხადა ნიკილას რალომ.
საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, რომ წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მილიონ მგზავრს გადააჭარბებს. ირაკლი ქარქაშაძემ ასევე, იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების კუთხით E gate, self-check in-ისა და fast track-ის სახით დაინერგება.
ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გაიმართა, კომპანიის მენეჯმენტი და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ესწრებოდა. ნიკოლას რალო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი