რუსეთში ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენცია დაიწყო, რაც ქართულ ბაზარზეც უკვე ასახულია. რუსული ნავთობის Urals ღირებულებამ ბარელზე 3 მაისის მონაცემებით $62 შეადგინა, ხოლო საქართველოში საწვავი დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა.
ამ პროცესის პარალელურად ევროპული საწვავის ღირებულება დაბლა იწევს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, თუკი რუსული და ევროპული საწვავის ფასები გათანაბრდება, იმპორტიორები ავტომატურად ალტერნატიულ ბაზრებზე გადამისამართდებიან.
იობაშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი საწვავს აძვირებს სეზონური ფაქტორია და ნავთობპროდუქტების მიმართ გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
„სხვაობა ჯერჯერობით უმნიშვნელოა, რუსეთმა საწვავი მცირედით გააძვირა. თავის დროზე, როცა რუსული საწვავი იაფდებოდა, ვისარგებლეთ და ფასის ლავირების საშუალება მოგვეცა. კარგია, რომ ფასი წამოვიდა ქვემოთ, მაგრამ მერყეობდა ფასები, ევროპულ პროდუქტთან თუ გათანაბრდება, მაშინ აზრს დაკარგავს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა.
ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ,,პლატცის" პოლიტიკით არ შემოგვაქვს რუსული საწვავი, არამედ ხელსაყრელი ფასის გამო. თუკი ფასები მოიმატებს, შესაბამისად, ჩვენც შედარებით მაღალ ფასს მივიღებთ და დავკარგავთ რუსულ ბაზარს", - აცხადებს იობაშვილი Business Insider Georgia- თან.
მისი თქმით, სექტორი ვითარებას აკვირდება და გადაწყვეტილებას პროცესების განვითარების შესაბამისად მიიღებენ.
„ზაფხულის დადგომასთან ერთად, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა ისედაც იმატებს, რაც ფასებზე აისახება. თუმცა, თუკი სიტუაცია ბიზნესისთვის ხელსაყრელი არ იქნება, სხვა ბაზრებზე გადამისამართდებიან.
აქამდე მომგებიანი სიტუაცია იყო და ეს განაპირობებდა რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულებას. ასე იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითისთვის გამოდგება უნგრეთი.
ვცდილობთ, რომ იაფი ბაზარი შევინარჩუნოთ. წინასწარ რთულია თქმა, არავინ არ ვიცით რა მოხდება, მით უმეტეს, რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტებზე ფასი ისედაც არაპროგნოზირებული და არასტანდარტულია", - ამბობს ვახტანგ იობაშვილი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბენზინის ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა. 1 ლიტრი ევრო/რეგულარის ფასი სადგურებზე 2,10 - 2,35 ლარია,
2023 წლის 2 მაისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75.32 ( - 3.99) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 71,66 (- 4.00) დოლარი/ბარელზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 24,6 ათასი ტონა - 14,1%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,4%; თურქმენეთი - 0,2 ათასი ტონა - 0,1%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%;
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა