საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მინისტრის მოადგილეს აეროდრომზე და ტერმინალში არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ესაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება.
მათ შორისაა სამგზავრო ხიდებში საფეხმავლო საფარის განახლება და ტერმინალის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას და მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, აშენდება სრულიად ახალი „დუტი ფრი“, გაფართოვდება და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება პრაიმკლასის დარბაზს.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე დაათვალიერა აეროდრომისა და თვითმფრინავის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპირება. აეროპორტის ოპერატორი კომპანია საჰაერო ხომალდებს მის მფლობელობაში არსებული 150-მდე ერთეული სხვადასხვა სახის ტექნიკით ემსახურება, რომელსაც ყოველწლიურად აახლებს.
დაგეგმილ შიდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკის განახლებაში მიმდინარე წელს კომპანია 24 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
მინისტრის მოადგილემ და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა ასევე ისაუბრეს ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე. აღინიშნა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოკლე ვადებში დასრულების მნიშვნელობა, რათა ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში შეფერხებები არ შეიქმნას.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი