კომპანია „ქართული სათბურის“ მფლობელი და ხელმძღვანელი ზურაბ ჩაგუნავა Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ სათბურების მონტაჟზე ფერმერების მხრიდან მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება.
„სათბურებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა ფერმერები თანადაფინანსებას ითხოვენ. ფერმერებს არ აქვთ ის მატერიალური საშუალება, რომ ნაღდი ანგარიშსწორებით დაგვიკვეთონ სათბურის მშენებლობა. ვცდილობთ, მეწარმეებს ამ პროცესში დავეხმაროთ და შესაბამის დონორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დავაკავშიროთ“, - ამბობს ზურაბ ჩაგუნავა.
კომპანია „ქართული სათბური“ ადგილობრივ ბაზარზე 6 წელია ოპერირებს და პირველი სათბური შვეიცარიული კომპანიის პროექტით დედოფლის წყაროში დაამონტაჟეს.
„ცელოფნის სათბურების მონტაჟისას ვიყენებთ ისრაელის გინეგანის მაღალი ხარისხის ცელოფანს, ასევე ვამზადებთ სათბურებს შვეიცარული ტექნოლოგიით ამ ქვეყანაში დამზადებული პოლიკარბონატისგან. სათბურებს ვამონტაჟებთ სრული სერვისით,რაშიც შედის - ვენტილაცია, გაწყლოვანების წვეთოვანი სისტემა და საჩრდილობელი ბადე“,- ამბობს ზურაბ ჩაგუნავა.
„ქართული სათბურის“ მფლობელის განმარტებით, მონტაჟის ფასები დამოკიდებულია სათბურის ზომებსა და გამოყენებულ მასალაზე.
ცელოფნის სათბურების ფასი 1კც/მ-ზე შვეიცარიული სტანდარტული აპრობირებული პროექტით (3/14 მეტრზე) შეადგენს $30, ხოლო პოლიკარბონატის შემთხვევაში მაღალი მახასიათებლებითა და 10 წლიანი გარანტიით, 1კვ/მ-ს ფასი არის $50. ამ ფასში შედის საძირკველი არმირებული ბეტონის ფუნდამენტებით.
ზურაბ ჩაგუნავას ინფორმაციით, სათბურის დაკვეთის შემთხვევაში, კულტურის შერჩევა სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერმუშაკებთან კონსულტაციის საფუძველზე ხდება.
„რეგიონის კლიმატის მიხედვით ხდება სათბურში დასათესი კულტურის მოძიება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კოლექტივთან ვაკავშირებთ ფერმერებს და ხშირ შემთხვევაში უფასო კონსულტაციას უწევენ, თუმცა თუ სჭირდება მიწის გამოკვლევა და სხვა სერვისები, ეს უკვე ფასიანია“,- ამბობს „ქართული სათბურის“ მფლობელი.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა