USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორების გამო მყარდება ლარი

რა ფაქტორების გამო მყარდება ლარი

2023-02-19 11:03:13

გასულ კვირას ეროვნული ვალუტის ტრენდი აღმავალი იყო. 17 თებერვალს ლარი აშშ დოლართან 0.48 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით ერთბაშად 2,31 თეთრით გამყარდა.

აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6386 ლარი, ხოლო ევროს ღირებულებამ 2.8077 ლარი შეადგინა. აღნიშნული კურსი 18 თებერვლიდან შევიდა ძალაში.

  • რა ფაქტორების გამო მყარდება ლარი?

ამ კითხვაზე Business Insaider Georgia-ს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა უპასუხა.

„ლარის კურსი არის მოქნილი და მთლიანადაა დამოკიდებული მოთხოვნა-მოწოდებაზე. თუ ბევრი ვალუტა შემოვიდა და ლარზე დიდი მოთხოვნა იყო ეროვნული ვალუტა გამყარდება. ისეთი ტენდენციაა, რომ ბევრი დოლარი შემოვიდა ქვეყანაში ტურიზმიდან, ასევე ემიგრანტებმა შემოიტანეს და სწორედ ამ მოთხოვნა-მიწოდების ფუნდამენტური კანონის საფუძველზე რამდენიმე თვეა ლარი მყარდება“, - ამბობს ყაველაშვილი.

მისივე თქმით, შესუსტდება თუ გამყარდება ლარი, ეს იმაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ შემცირდება საქართველოში შემოსული აშშ დოლარის ნაკადი. 

„ლარის გამყარების ფაქტორები არ არის დამოკიდებულია ჩვენს ეკონომიკაზე, არამედ მასზე გავლენა აქვს უფრო გლობალურ მოვლენებს. მაგალითად, როგორი იქნება დინამიკაში ტურიზმის სტატისტიკა, მიგრანტებისა და შესაბამისად ვალუტის ნაკადი, ასევე ფულადი გზავნილები, ექსპორტი. აქედან გამომდინარე შესაძლოა გაკეთდეს პროგნოზი“, - აღნიშნავს Business Insaider Georgia-სთან საუბარში ნიკოლოზ ყაველაშვილი.

მისივე თქმით, ლარის კურსი მცურავია, იღებს ყველა გარეგნულ შოკებს.

„ადრე იყო უარყოფითი შოკები. ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შოკია როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში, ესეც აისახება ლარის კურსზე, რადგან ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა აქვს ყველაფერს რაც ჩვენს ქვეყანაში და მის ირგვლივ ხდება“, - აღნიშნავს ყაველაშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოში ფულად გზავნილებში 2023 წლის იანვარში რუსეთი პირველია. საიდანაც საქართველოში $267,62 მილიონი გადმოირიცხა და წინა წელთან მატებამ 1096% შეადგინა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 60,14%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 25.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარში 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია. ~

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი - 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა.

რაც შეეხება ლარის კურსს, 2023 წლის 19 იანვარს ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.6695 ნიშნულზე დაფიქსირდა, ხოლო ევროს ღირებულებამ 2.8077 ლარი შეადგინა. 2022 წლის 19 იანვარს 1 აშშ დოლარი 3,084 ღირდა, ხოლო 19 თებერვალს 2.9778 ლარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები