მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ორი ახალი პროექტი დაამტკიცა - მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL Project) 75 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პირველი პროექტი (DPO) 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით.
ორივე პროგრამა ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც წვლილს შეიტანენ საქართველოს მწვანე და მდგრად განვითარებაში.
„საქართველო, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებას განიცდის და აქვს შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
„მოხარულნი ვართ, რომ ორივე ახალი პროექტი ფოკუსირებული იქნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამ პროექტების მეშვეობით ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ სტრუქტურული რეფორმების მხრივ ბოლო ეტაპის ნაბიჯების გადადგმას, რაც საქართველოს დაეხმარება საშუალო შემოსავლის „ხაფანგის“ დაძლევასა და სახელმწიფო სტრუქტურების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში.“ საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL Project) მეშვეობით გაუმჯობესდება სარწყავ და სადრენაჟე სერვისებთან წვდომა, რაც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას შეუწყობს ხელს.
ამასთან ერთად, პროექტის მიზანია ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი დაგეგმვის განსახორციელებლად. ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები აღნიშნული პროექტის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან. გარდა ამისა, სარგებელს მიიღებს სოფლის მოსახლეობაც, როგორც მიწის ადმინისტრირების უწყებების მხრიდან გაუმჯობესებული სერვისებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებით. აღნიშნული ღონისძიებები გაზრდის ფერმერების შემოსავალს და აამაღლებს მათ მდგრადობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკთან მტკიცე და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი დამტკიცდა. პროექტი მიმართული იქნება კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზე და ხელს შეუწყობს ეროვნული ირიგაციის და მიწის მართვის სისტემების შესაძლებლობების განვითარებას, რითაც ის მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ფერმერებს. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ხედვის განხორციელებას მიწის სექტორის განვითარების მხრივ, რაც ასახულია 2021- 2024 წლის სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რომელიც მიწის რეფორმას ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევს,“ - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პროექტი (DPO) შემუშავდა ქვეყნის მწვანე ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, ფისკალური რისკების შესამცირებლად და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასავითარებლად ქვეყანაში მიწასთან, წყალმომარაგებასთან და ფინანსურ სერვისებთან უკეთესი წვდომის უზრუნველსაყოფად.
ეს არის პირველი ღონისძიება ბიუჯეტის მხარდაჭერის ორი ღონისძიებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობას დაეხმარება კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების, მათ შორის, ეკონომიკური, კლიმატური და სტრუქტურული პრობლემების დაძლევაში. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს შემდეგი დოკუმენტების მიღებასა და შესრულებას: (i) ახალი კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ; (ii) გენდერული ასპექტებისა და კლიმატის ცვლილების გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში; (iii) ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია; (iv) განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა; და (v) რეგლამენტი საქართველოს ტყის კოდექსის განსახორციელებლად.
ფისკალური რისკების შემცირების მიზნით, პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების, ისევე როგორც კატასტროფების რისკის მართვის დაფინანსების გაუმჯობესებას.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას საქართველოსთვის ყველა საკვანძო დარგში. ჩვენი თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განვითარების პოლიტიკის ეს ღონისძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოიცავს რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებს და განამტკიცებს კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებებს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. ასევე გვჯერა, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვიხილავთ მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის დახმარებით. მსურს, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ორივე დამტკიცებული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი კანონის მიღებას სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის შესახებ, სარწყავი წყლის ახალი სატარიფო სისტემის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დანერგვასა და მარეგულირებელ ცვლილებებს ელექტრონული ანგარიშსწორების წასახალისებლად, რაც ეროვნულ რეგულაციებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი