საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად ინტენსიურად ემზადება. აღწერა, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, სხვა აღწერების პროცესებისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
აღწერის პირველადი შედეგები საჯარო აღწერის ჩატარებიდან 6 თვეში გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო მონაცემები აღწერის ჩატარებიდან 18 თვეში იქნება ხელმისაწვდომი.
აღწერის პროცესში 12 ათასამე პლანშეტი იქნება გამოყენებული.
„საქსტატმა უკვე დაიწყო 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის ფარგლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების და მათში მცხოვრები ოჯახების სიების შედგენა.
პირველ ეტაპზე გამოკითხვა მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ეს გახლავთ მცხეთის, რუსთავის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები.
გამოკვლევა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც საქსტატის ინტერვიუერები განახორციელებენ. აპრილიდან კი მსგავსი ტიპის სამუშაოების სხვა რეგიონებშიც ჩატარდება და წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას დაფარავს.
აღნიშნულ სამუშაოებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის აღწერის სრულყოფილად ჩასატარებლად“, - აცხადებს „ბიზნეს ინსაიდერთან“ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
გოგიტა თოდრაძის განმარტებით, სამუშაოებში საქსტატის მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული.
როგორც საქსტატში აცხადებენ, პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად.
2023 წლის აპრილიდან შინამეურნეობების წინასწარი სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს. აღნიშნულ სამუშაოებში საქსტატის მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული.
აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან(4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია.
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი.
როგორც მაშინ საქსტატში აცხადებდნენ, შემცირება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა: სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 პროცენტი შეადგინა.
შედეგად, წინა აღწერებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 4,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57,2 პროცენტს გაუტოლდა.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.
მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შემოერთებით.
2014 წლისთვის საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29,0 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარის ა.რ.-ში (10,6 პროცენტი).
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი