დიდთოვლობამ სვანეთს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. რეგიონის ნაწილი წყლისა და დენის გარეშეა დარჩენილი.
ტურისტული სექტორის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაბა მესტიის სოფლები ჩაბნელებულია, Business Insider Georgia - სთან მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს.
თუმცა, მისი განცხადებით, სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.
,,დაზიანების ბევრი შემთხვევაა, ადამიანური რესურსი კი - ნაკლები", - აცხადებს მესტიის მერი
„რეგიონს უამინდობამ დიდი პრობლემა შეუქმნა. ვცდილობთ ხალხს, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ, ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. პირველ რიგში, ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქტიურ რეჟიმში აგვარებს პრობლემას, რამდენიმე სოფელში დენის მიწოდება აღადგინეს, მაგრამ გარკვეული ნაწილი რჩება პრობლემური, ელექტრიკოსები ყველგან ვერ ასწრებენ მისვლას, დაზიანებების დიდია, რასაც ადამიანური რესურსი არ ყოფნის.
მთლიანად მესტიაში 163 სოფელია. აქედან 100-ზე მეტს დენის მიწოდება აღუდგა, ეტაპობრივად მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგრამ ქვედა ზონის სოფლები ჯერჯერობით ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ბევრ პრობლემას ქმნის უამინდობა, თუნდაც გზების საკითხი, გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს, ვცდილობთ მალე მოგვარდეს პრობლემა", - Business Insider Georgia -სთან კაპიტონ ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება ტურისტებთან დაკავშირებულ საკითხს, მესტიის მერი ნაწილობრივ ადასტურებს, თუმცა ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.
„უამინდობაა, ჭარბი თოვლია და ცივა, რაც ყველა ადამიანს უქმნის პრობლემას, მათ შორის ადგილობრივსაც და სტუმარსაც. ტურისტების გასაჭირი ბუნებრივია, დისკომფორტს განიცდიან. ასეთ სიცივესა და ყინვაში ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა არის რთული, ბევრისთვის ძნელად წარმოსადგენია. კონკრეტულად მოხდა თუ არა ჯავშნების გაუქმება, ამას ვერ დავადასტურებ, ინფორმაცია სასტუმროს მფლობელებისგან არ მაქვს", - ამბობს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობამ მესტიას გარკვეული პრობლემა შეუქმნა. თუმცა ტურისტული სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიაა.
გადამცემი ხაზების დაზიანების გამო დაბას 2 დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი