USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიხის ჭურჭელზე მოთხოვნა  20-30%-ით შემცირდა  - Ceramic Studio 1300-ი

თიხის ჭურჭელზე მოთხოვნა 20-30%-ით შემცირდა - Ceramic Studio 1300-ი

2023-03-25 15:00:50

 

Ceramic Studio 1300 არის კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო და მცირე საწარმო. მისი ძირითადი პროდუქციაა გამოყენებითი ნივთები, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერული აქსესუარები და სხვა. წარმოების პარალელურად სტუდია აქტიურად მუშაობს კერამიკის საგანმანათლებლო პროექტებზეც თბილისსა და რეგიონებში.

წარმოება 7 წლის წინ დაიწყო და თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა პანდემიამ ამ ბიზნესს საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა.

როგორც Ceramic Studio 1300-ს თანადამფუძნებელი ტასო გომელაური ამბობს, კორონავირუსის გავრცელებამ მკვეთრად ნეგატიური გავლენა მოახდინა და მოთხოვნამ იკლო. 2019 წელთან შედარებით, კლება 20-30%-ის ფარგლებშია. მიუხედავად ამისა, ბრენდი ვითარდება .

,,ვმუშაობთ სხვადასხვა კერამიკული მასალით, როგორიცაა თიხა, შამოტი, ფაიფური და სხვა. ზოგადად, კერამიკა ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა და მასთან მუშაობაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამასთან დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. თიხა და სპეციალური კერამიკული საღებავები დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. ვინაიდან მოსახლეობას უფრო ჭურჭელი აინტერესებს, ჩვენს წარმოებაში ამ ხაზს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს, თუმცა ვამზადებთ ასევე ინტერიერის დეტალებს - განათებებს, კერამიკის მაგიდებს და სხვა. საქმისადმი მაქსიმალურად შემოქმედებითი მიდგომით ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ქრაფტსა და არტს შორის. სამწუხაროდ, ამ ბიზნესისთვის პანდემიის გავლენა აღმოჩნდა საკმაოდ მძიმე, მოთხოვნამ ბაზარზე დაახლოებით 20-30%-ით იკლო, თუმცა ვაგრძელებთ განვითარებას, წინ მრავალი პროექტი და საინტერესო იდეებია“, - ამბობს ტასო გომელაური Business Insider Georgia- თან.

ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც კომპანიის მფლობელი ყურადღებას ამახვილებს, ბაზარზე ქართული ნედლეულის სიმცირეა.

,,ნედლეულის სიმცირე პრობლემად რჩება. ეს ქართულ მასალას ეხება. უცხოეთიდან ბევრი შემოდის, ამ მხრივ პრობლემა არ არის, დიდი არჩევანია, მაგრამ ძალიან გვინდა, ქართულ ნედლეულზე ვიმუშაოთ. ამ მხრივ დიდი პოტენციალია და არ უნდა გვჭირდებოდეს ნედლეულის ძებნა ქვეყნის გარეთ“, - ამბობს ტასო გომელაური.

კომპანიის სამომავლო გეგმებშია ექსპორტზე გაფართოებაც.

ამ ეტაპზე Ceramic Studio 1300 აშშ-დან კორპორატიულ შეკვეთაზე მუშაობს. რაც შეეხება ფასებს, კერამიკული ჭურჭლის ღირებულება 20 ლარიდან იწყება და 450 ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს. რიცხვი 1300 ღუმელის გამოწვის მაქსიმალურ ტემპერატურასთან ასოცირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები