საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. ხორცის, რძის, კვერცხის და სხვა მალფუჭებადი პროდუქტების შემდეგ HACCP-ის სტანდარტების დანერგვა პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლებისთვისაც სავალდებულო გახდება.
Business Insider Georgia დაინტერესდა, კონკრეტულად რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს ამ შემთხვევაში მწარმოებლებს და იმოქმედებს თუ არა ფასზე ახალი სტანდარტის დაწესება.
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე სიახლეს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილება პურის ფასს არ უნდა შეეხოს, რადგან ელემენტარული წესების დასაცავად საწარმოებს აქამდეც უნდა მიეღოთ ზომები.
„სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით მიდგომა მკაცრდება და ეს დროულიცაა. მარტო პურის მწარმოებელი 2500 იურიდიული პირია საქართველოში. ამ ბიზნესში ბევრი მეწარმეა, ხოლო პრაქტიკული საფუძვლიანი ცოდნა ყველას არ აქვს. არ უნდა ვიდავოთ იმაზე, რომ ყველა საცხობს უნდა ჰქონდეს საცერი, ცხელი და ცივი წყალი, სადეზინფექციო საშუალებები, გადიოდეს სანიტარულ-ჰიგიენურ შემოწმებას უშუალოდ მცხობელი, რადგან საკვებ პროდუქტთან აქვს შეხება. მართალია, პური არ წარმოადგენს რისკ-ჯგუფს, ვინაიდან 220 გრადუსზე ცხვება და მიკრობები არ ვრცელდება. თუმცა მოწესრიგებულ გარემოში უნდა მზადდებოდეს, ამის სწავლება არ უნდა გვჭირდებოდეს.
სტანდარტების დასანერგად გარკვეული თანხებია საჭირო, რომ წარმოება მოწესრიგდეს და ბიზნესოპერატორები სათანადოდ დახვდნენ ამ ცვლილებებს, მაგრამ ამან პურის ფასზე არ უნდა იმოქმედოს.
მეწარმე ისედაც ვალდებულია საჭირო წესები დაიცვას და ფასის გარდა, გარემოს მოწესრიგებაზე იზრუნოს. ვალდებულება აიძულებს, რომ კრიტიკული ადგილები აღმოფხვრან, თუკი სადმე არის და ასეთი სავარაუდოდ ბევრი იქნება“, - ამბობს მალხაზ დოლიძე Business Insider Georgia-სთან.
ცნობისთვის, HACCP-ის საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს.
HACCP-ის კანონმდებლობა წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება. შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი