„გლობალურ ბაზრებზე შინაური ცხოველების ავეჯზე მოთხოვნა 10-15%-ით შემცირდა. შესაბამისად, წარმოების მასშტაბმაც იკლო“, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან დავით ბარდაველიძემ, Georgian Products-ის დამფუძნებელმა განაცხადა.
ბარდაველიძის თქმით, წარმოების გაორმაგებას გეგმავდნენ, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომისა და ზოგადად ევროპაში არსებული მაღალი ინფლაციის პირობებში ვითარება შეიცვალა.
„შინაური ცხოველების ავეჯის ბაზარზე კლებაა. დრამატული ვითარება არ გვაქვს, მაგრამ უარყოფითი ტენდენცია მაინც გამოიკვეთა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. მაღალი ინფლაციის გამო მოთხოვნამ დაახლოებით 10-15%-ით იკლო, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენ არ შეგვეხო, საერთო გლობალური ტენდენციაა. საერთო პრობლემაა კადრებთან დაკავშირებით, თუმცა პირადად ჩვენს ბიზნესს არ შეეხო“, - ამბობს დავით ბარდაველიძე“. Georgian Products-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის გეგმებშია ექსპორტის ზრდა აშშ-ს მიმართულებით, რაზეც აქტიური მუშაობა მიდის.
„აშშ-ს ბაზარზე დიდ იმედს ვამყარებთ, რაც თავის მხრივ ექსპორტის ზრდის გარანტიას ზრდის. ჩვენი პროდუქცია 100% -ით ექსპორტირებულია, გაგვაქვს ევროპასა და აშშ-ში. ინფლაცია გრძელდება, პარალელურად ომიც, ამიტომ პროგნოზირება რთულია, თუმცა 2023 წლის მესამე კვარტლიდან მდგომარეობის გაუმჯობესებას ველით“, - ამბობს ბარდაველიძე Business Insider Georgia- თან.
კომპანია Georgian Products 2014 წლის ნოემბერში დაფუძნდა და საქართველოსა და ევროპაში შინაური ცხოველების ავეჯის, საკვებისა და სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებელი წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდა.
2015 წელს Georgian Products-მა ევროპაში პირველი პროდუქცია - „კატის ხე“ გაუშვა. ამ ეტაპზე ქართული ბრენდი წამყვან ევროპულ კომპანია Zooplus-თან თანამშრომლობს. მისი ყველაზე დიდი მიმწოდებელი და შესაბამისად, შინაური ცხოველების ავეჯის ბაზარზე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.
Georgian Products-ის წარმოებაში 500 -მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი