ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.
ქარის მინი-ტურბინებს ენერგიის მიწოდების დარგში წამყვანი თურქული კომპანია TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ი აწარმოებს, ხოლო მის შემოტანას საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართული კომპანია „გებ ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
როგორც Business Insider Georgia-ს „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა თამაზ ნასყიდაშვილმა განუცხადა, კომპანიას უკვე სამი შეკვეთა აქვს და მინი-ტურბინების შემოტანა საქართველოში უახლოეს ხანებში იგეგმება.
„გამოხმაურება და ინტერესი დიდია. ჩვენ ერთგვარი კვლევა გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ბევრი წარმოება ამ მიმართულებით დაინტერესებულია, ვინაიდან დღგ-ს თანხის დაბრუნებაზეა საუბარი და უფრო იაფი გამოსდით“, - აცხადებს ნასყიდაშვილი.
მისი განმარტებით, 10 კვტ-იანი ქარის ტურბინის შემოტანა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.
„ერთ-ერთმა მსხვილმა სასურსათო ჰიპერმარკეტმა დაგვიკვეთა. ეს მისთვის იქნება პირველი სადემონსტრაციო ქარის ტურბინა“, - განმარტავს „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ქარის მინი-ტურბინით დაინტერესებულია ასევე სემეკიც და ამორგანიზაციის სახურავზეც მალე მოხდება პირველი სადემონსტრაციო ტურბინის მონტაჟი.
რაც შეეხება ქარის ტურბინის ფასებს ეს მის სიმძლავრეზე და გარკვეულ ოფციებზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც „გებ ჯგუფში“ აცხადებენ დანადგარის ღირებულება 12-15 ათასი დოლარია.
ცნობისათვის, TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ის პროდუქციის პორტფელი მოიცავს ჭკვიან მზის სისტემებს, ქარის ტურბინებს, მზის ენერგიის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს.
„გებ ჯგუფში“ მიაჩნიათ, რომ ტურბინები შესაძლოა, მოთხოვნადი იყოს კავშირგაბმულობის კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ გადამცემ ანძებს დიზელით, ან სხვა საშუალებებით ამუშავებენ.
ასევე ქარის ტურბინა ელექტროენერგიის მიღების ხელსაყრელი წყარო იქნება ფერმერებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმროებისთვის და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორისთვის.
არსებული ტექნოლოგიური განვითარება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ მიღებული ჭარბი ელექტროენერგია გაიყიდოს.
რაც შეეხება თავად ქარის ტურბინის გაბარიტებს, საკმაოდ პატარაა და მაგალითად 10 კვტ-იანი ქარის ტურბინა 2,8 მეტრის სიმაღლისაა.
სემეკის დადგენილებით, ქარის მინი-სადგურებს ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვაა შესაძლებელი.
აბონენტს, რომელიც დააყენებს მზის თუ ქარის მიკრო სადგურს, განაცხადით უნდა მიმართოს „თელასს“ ან „ენერგო პროს“, იმის მიხედვით, თუ სად დგამს და შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან ამ აბონენტს უკვე დაუმონტაჟონ „ჭკვიანი მრიცხველი“.
შესაბამისად თუ სადგურის მიერ გამომუშავებული იქნება ჭარბი ენერგია გაუშვებს ქსელში, ხოლო დეფიციტის შემთხვევაში დანაკლისს ქსელიდან შეივსებს.
„თელასი“ და „ენერგო პრო“ საქმის კურსი არიან და უკვე იციან, რომ თუ დაინტერესებული კერძო თუ იურიდიული პირი მიმართავს განცხადებით რომ სურვილი აქვთ ე.წ. ნეტო-აღრიცხვაში ჩაერთონ, დამკვეთისა და ენერგეო სადისტრიბუციო კომპანიას შორის კომუნიკაცია უმოკლეს ვადებში ხდება“, - აცხადებს „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი