2022 წელს ობლიგაციების ბაზარზე ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.
წინა წელთან შედარებით, ბაზრის ეს სეგმენტი 39.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა ზომამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4.23 პროცენტი შეადგინა.
გამოშვებული ობლიგაციების 71.3 პროცენტი კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციები იყო.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციების ბაზარი 49.3 პროცენტით, ხოლო კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტი 19.7 პროცენტით გაიზარდა.
როგორც სებ-ის 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს კაპიტალის ბაზარზე განხორციელდა პირველი ადგილობრივი მწვანე კორპორაციული ობლიგაციის ემისია, რომლის ღირებულებამაც 80 მილიონი დოლარი შეადგინა.
2022 წელს ადგილობრივ ბაზარზე 7 საჯარო კორპორაციული ობლიგაციისა (2021: 3) და 7 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის კერძო ობლიგაციის ემისია განხორციელდა.
2022 წლის ბოლოს, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების (Fitch, Moodys, Scope) მიერ მინიჭებული რეიტინგი საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემიტენტების 62 პროცენტს (2021: 62 პროცენტი) გააჩნდა, რაც ბაზარზე არსებული საჯარო ობლიგაციების ნაშთის 49 პროცენტს შეადგენს (2021: 53 პროცენტი).
საკრედიტო რეიტინგის მქონე საჯარო ობლიგაციების ემიტენტებიდან, 2022 წელს ობლიგაციების ნაშთების 12 პროცენტს BB რეიტინგი (2021: 17 პროცენტი), ხოლო 74 პროცენტს BB/BB- (2021: 64 პროცენტი) რეიტინგი ჰქონდა მინიჭებული.
2022 წელს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი ინდუსტრიების მიხედვით დივერსიფიცირებული იყო და მოიცვა ემიტენტები ცხრა ინდუსტრიიდან.
კორპორაციული ობლიგაციების ნაშთების მიხედვით, ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 25 პროცენტი - ელექტროენერგიის წარმოების სექტორმა დაიკავა (2021: 24 პროცენტი - საფინანსო სექტორი), ხოლო ბაზრის 50 პროცენტს სამშენებლო, უძრავი ქონების მართვის და საფინანსო სექტორის ემიტენტები წარმოადგენდნენ (2021: 50 პროცენტი - სამშენებლო, ჯანდაცვის და საცალო ვაჭრობის სექტორები).
2022 წელს, სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე 2021 წლის 5.29 პროცენტიანი კლების შემდეგ, 24.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 9.5 პროცენტი შეადგინა.
2022 წელს ადგილობრივი ბაზრის ლიკვიდურობის მაჩვენებელი ობლიგაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტისთვის განსხვავებულია. კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უცხოური ვალუტით დენომინირებული ობლიგაციებისათვის ეს მაჩვენებელი 9 პროცენტს შეადგენს.
სახაზინო ობლიგაციებისათვის, 2022 წელს მეორადი ბაზრის გარიგებების მოცულობამ 20.8 პროცენტიშეადგინა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახაზინო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის გარიგებებში მნიშვნელოვანი წილი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება.
2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე 2 საფონდო ბირჟა, 1 ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, 9 საბროკერო კომპანია და ფასიანი ქაღალდების 3 დამოუკიდებელი რეგისტრატორი საქმიანობდა. 9 საბროკერო კომპანიიდან 2 საფონდო ბირჟის წევრი არ იყო.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა