6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. შპს “საქაერონავიგაცია” მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებულ 132 299 ფრენას მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 32 087 ფრენით და 32 %-ით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს როგორც საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის, ასევე საქართველოს საჰაერო სივრცის ტრანზიტულად გამოყენების რაოდენობას.
2024 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 103 576 ტრანზიტული ფრენა, რაც 25 259 ფრენით და 32 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში აფრენა - დაფრენის რაოდენობაც, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი 6 828 ფრენით და შესაბამისად, 31%-ით არის გაზრდილი.
„საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვის ასეთი მატება საქაერონავიგაციისთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ საჰაერო ნაკადების დაბრუნებას და მატებას, სრულად მომზადებული შევხვდით. გასულ წლებში ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ: დავნერგეთ უსაფრთხო ფრენებისთვის საჭირო არაერთი სისტემა, კიდევ უფრო განვავითარეთ ინფრასტრუქტურა, გადავამზადეთ თანამშრომლები და ყოველწლიურად ვიმატებთ ახალ კადრებს, რომლებსაც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ვასწავლით ავიამეთვალყურის პროფესიას. უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესებას ასევე განაპირობებს საქაერონავიგაციის მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი საჰაერო მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიები, საერთაშორისო სტანდარტების სერვისი და დაბალი ტარიფები, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ“, - აცხადებს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება