USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მუშაობს საქართველოში ტყის ველური სოკოების პირველი  წარმოება - Boletto-ს გეგმები

როგორ მუშაობს საქართველოში ტყის ველური სოკოების პირველი წარმოება - Boletto-ს გეგმები

2023-04-12 13:56:20

Boletto-ს ტყის ველური სოკოები, რომელიც მომხმარებელს ცოცხალი, გაყინული ან გამომშრალი სახით მიეწოდება, როგორც რესტორნებში, ასევე, უშუალო მომხმარებლებში თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება.

უკვე ათზე მეტმა რესტორანმა გაამდიდრა საკუთარი მენიუ ტყის სოკოს კერძებით.

მომავალში, როცა მიწოდების ჯაჭვი განვითარების სათანადო დონეზე იქნება, Boletto-ს გუნდი პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა კომპანიას უკვე აქვს და წარმოების გასაზრდელად მომწოდებლების რიცხვის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს.

როგორც Business Insider Georgia-თან Boletto-ს თანადამფუძნებელი სოსო კობახიძე ყვება, ველური სოკოს კომერციალიზაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყეს.

სოკოს გამოშრობა/გაყინვის პროცესის დაწყებიდან რამდენიმე თვეა გასული და გაყიდვების მაჩვენებელი თვიდან თვემდე იზრდება.

კობახიძის თქმით, Boletto-ს ტყის სოკოებზე დიდი ინტერესია უცხოელების მხრიდანაც, რომლებიც ამ დროისათვის საქართველოში ცხოვრობენ.

ყველაზე ძვირადღირებული ტყის ტრუფელოვანი სოკოებია, მაგრამ ეს სეზონურია და იშვიათობას წარმოადგენს. ამ სოკოების ფასი, ჯიშების მიხედვით განისაზღვრება და 300-დან 7000 ლარამდეა, თუმცა მათი მოპოვება რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ სოკოები ძირითადად მიწის ქვეშ ხარობენ. ამის შემდეგ მოდის „ხარისფაშვა“, რომლის კილოგრამის ფასიც ცოცხალი სახით 120 ლარია.

„ჩვენ 10 წელზე მეტია ვმუშაობთ ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება, გადამუშავებასა და ექსპორტზე. საუბარია სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებზე, ველურ კენკრაზე და სხვა, რომელიც ექსპორტზე გაგვაქვს ევროკავშირში, აშშ-სა და სხვადასხვა ქვეყნებში.

ამის პარალელურად, დავამატეთ ტყის სოკოს მიმართულება, რომელიც თავიდან ჰობის დონეზე იყო. არაკომერციულად გვაინტერესებდა, მაგრამ შემდეგ რადგან ამ სფეროში ისედაც ვიყავით, ტყის სოკოებით კომერციულადაც დავინტერესდით.

გვყავდა ესპანელი და იტალიელი სპეციალისტები ჩამოყვანილი, რომლებმაც დაგვატრეინიგეს და კომერციულ პარტნიორობაზეც ვფიქრობდით, მაგრამ საექსპორტო ბოლო წლებში არ შეგვიგროვებია“, - აცხადებს სოსო კობახიძე.

მისივე განმარტებით, დღეს საქართველოს ბაზარზე უმეტესწილად წარმოდგენილია სათბურში კულტივირებული სოკოები: „ქამა“ და „კალმახა“.

„ჩვენ ტყის ველურ სოკოებზე გვაქვს აქცენტი, რომელიც არ კულტივირდება, თუმცა, გამოირჩევა გემოვნური თვისებებით. ევროპაში და ზოგადად კულინარიაში, ტყის სოკოებს, განსაკუთრებით  რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, დიდი ღირებულება აქვს. „ქამა“ და „კალმახა“ სოკოები კი მასობრივი პროდუქტია, დაბალი ღირებულება აქვს და გამოვნური თვისებებით ტყის ველურ სოკოებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

იტალიური, ფრანგული სამზარეულოები ტყის ამ სოკოების გარეშე წარმოუდგენელია. სეზონის დროს სოკო ბაზარს ცოცხალი ფორმით მიეწოდება, ხოლო სეზონის შემდეგ, მათი რეალიზაცია გამომშრალი და შოკურად გაყინული (იგულისხმება - 40 გრადუსზე გაყინვა) სახით ხდება“, - აცხადებს Boletto-ს თანადამფუძნებელი.

Boletto-მ 2022 წელს 4 ტონამდე ტყის სოკოს გააშრო და შოკურად გაყინა და სულ რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად დაიწყო გაყიდვები როგორც მაღალი კლასის რესტორნებში ასევე ონლაინ.

„ცხადია, რომ გამომშრალი და გაყინული სოკოს ფასი ცოცხალთან შედარებით მაღალია. იგივე სოკო ევროპაში გაცილებით ძვირია, მაგრამ ჩვენ ქართველ მომხმარებელს მოვერგეთ და მარჟების შემცირების ფონზე ვეცადეთ ბაზრისთვის პროდუქტი შედარებით დაბალი ფასებით შეგვეთავაზებინა. გადარჩევის, ლოგისტიკის, გამოშრობის შემდეგ - ხშირად 12 კგ სოკოდან ვიღებთ 1 კგ მშრალ პროდუქტს. მაგალითად „ნიყვის“ ჩაბარების შემთხვევაში, 12-13 კგ გადარჩევის და გამოშრობის შემდეგ ვიღებთ 1 კგ-ს, ანალოგიურია „ხარისფაშვას“ და სხვა სოკოების შემთხვევაშიც“, - აცხადებს Boletto-ს თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება გასაღების ბაზარს, Boletto სოკოს რესტორნებს აწვდის, იანვარში პირდაპირი მომხმარებლებისთვის ონლაინ მაღაზია www.boletto.ge დაემატა.

„რესტორნებთან და შეფ-მზარეულებთან ერთად ვმუშაობთ ტყის სოკოების ქართული რესტორნების მენიუებში დანერგვაზე, ძალიან გვიხარია და გვეხმარება, რომ ბევრი შეფ-მზარეული დიდი ინტერესით შეხვდა ამ სიახლეს და ბევრ ექსპერიმენტს ატარებს ჩვენთან ერთად. ძირითადად მაინც თბილისზე ვმუშაობთ, ვეცდებით თბილისის ათვისებას და შემდეგ გადავალთ ბათუმზე. თვეების მიხედვით თუ ჩავშლით რეალიზაციაში ზრდა გაქვს, რადგან დიდი ინტერესია. ვფიქრობთ, რომ ტყის სოკოები უახლოეს მომავალში სწრაფად დაიმკვიდრებენ თავს ქართულ რესტორნებში“, - აცხადებს სოსო კობახიძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები