საკონდიტრო „გურმემ“ წარმოება ერთ წელიწადში თითქმის 40%-ით გააფართოვა.
როგორც Business Insider Georgia- თან კომპანიაში აცხადებენ, წარმატების მიზეზი მთავარი კონცეფციაა, რომლის ერთგულებაც 11 წელია შეინარჩუნეს.
„გურმეს” კონცეფცია არ შეუცვლია - უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. დღეს „გურმე“ საქართველოში ერთადერთი მცირე კომპანიაა კვების მიმართულებით, რომელმაც, აუდიტის შედეგად, ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო.
სერტიფიკატის გაცემამდე, პოლონური აუდიტორული კომპანია Grand Cert რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა შემოწმებას. სერტიფიკატის მიღებამდე კომპანიაში შემოწმდა ყველა დეტალი - შენობა-ნაგებობა, დანადგარები, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ.
„გურმეს“ გუნდმა გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რომელსაც ISO სერტიფიკატის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალურად შეირჩა პროდუქციის ყველა მომწოდებელი, კონტროლდებოდა პროდუქტების ხარისხი და სერტიფიკატები. ISO 22000: 2018 სერტიფიკატი კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება. რაც მომხმარებლისთვის გარანტიაა, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება მაღალი ხარისხისაა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, - აცხადებენ „გურმეში“.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ დაარსების დღიდან დღემდე, „გურმეს“ არ დაუკარგავს არც ერთი კორპორაციული კლიენტი ჰყავთ მუდმივი მომხმარებლები და ეს მათ მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს.
„გურმეს“ ისტორია ერთი ფილიალიდან იწყება. საკონდიტრო-კაფემ იმდენად სწრაფად მოიგო მომხმარებლების გული, რომ დამფუძნებლებმა ლოკაციები დაამატეს. „წლის განმავლობაში, „გურმე“ თბილისის სხვადასხვა უბანს სტუმრობდა და მომხმარებლებს თავის გემრიელ პროდუქციას აცნობდა. დღეს, დაფუძნებიდან 11 წლის თავზე, კომპანიას 5 ფილიალი აქვს და ჯამში, ყველა ფილიალში 100-მდე თანამშრომელია დასაქმებული“, - აცხადებენ „გურმეში“.
საკონდიტრო ვითარდება და მომხმარებელ 2023 წელს სიახლეებსაც შესთავაზებს, თუმცა ამ ბიზნესშიც არის გამოწვევები.
რა გამოწვევების წინაშეა დღეს საკონდიტრო ბიზნესი საქართველოში? „გურმეში“ Business Insider Georgia-ს უთხრეს, რომ მთავარი პრობლემა ნედლეულზე ფასების ზრდაა.
„ალბათ, როგორც ყველა საკონდიტრო-საწარმოს საქართველოში, ჩვენც გვაწუხებს ნედლეულზე ფასების ზრდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი პროდუქციის ფასზეც. ცხადია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებელთა ინტერესები.
გარდა ამისა, ზოგადად, ბაზარზე კადრების დეფიციტიც არის. ჩვენ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც „გურმესთან“ ერთად გაიზარდნენ და ჩვენი კომპანიის ერთგულები არიან. თუმცა, გაფართოებასთან ერთად, თანამშრომლების რაოდენობაც უნდა გავზარდოთ, რაც ბაზარზე საკმაოდ რთული გამოწვევაა“, - აცხადებენ „გურმეში“.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი