საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, რეიტინგები ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება.
მისივე თქმით, რეიტინგები გამოხატავს რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში და ეს რეალობა, ბუნებრივია, დადებით ტენდენციას აჩვენებს.
„ჩვენ პირველ ხუთ თვეში ლამის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, აპრილში იყო 12 პროცენტზე მაღალი, მაისში იყო 9 პროცენტზე მაღალი და აპრილ-მაისის ეკონომიკური ზრდა იყო ორნიშნა, საშუალოს თუ ავიღებთ. ახლაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით ივნისის თვისას, იმიტომ, რომ გააქტიურდა ტურიზმი, გააქტიურდა უამრავი დარგი და მიმართულება. ასე, რომ აქ დადებითი ტენდენციაა.
გარდა ამისა, ყურადღება მინდა გავამახვილო, მაგალითად სავალუტო ფონდის პროგნოზზე. სავალუტო ფონდმა გაზაფხულზე პროგნოზი გააკეთა, მათ შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, ტოტალურ, ანუ მთლიან ინვესტიციებთან დაკავშირებით და ასეთი პროგნოზი აქვს, რომ წელს მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი იქნება ისტორიულ მაქსიმუმზე, დაახლოებით 7 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ოდენობით. მთლიან ინვესტიციას ვგულისხმობ და 2024-2029 წლებში, 6 წელიწადში იქნება 60 მილიარდზე მეტი. ახლა რომ შევადაროთ ეს რას ნიშნავს, 60 მილიარდ დოლარზე მეტი, ასე გამოდის იმ პროცენტული ჭრილით, როგორც აქვთ წარმოდგენილი, რომ შევადაროთ წინა პერიოდს, 12 წელიწადში, 2012- 2023 წლებში სულ განხორციელდა (როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი) 56 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და 6 წელიწადში უნდა განხორციელდეს 60 მილიარდი. 12 წლის მაჩვენებელს 6 წლის მაჩვენებელი აჯობებსო, ასეთია სავალუტო ფონდის პოზიცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა დგას აღმავლობის ისეთ გზაზე, ისეთი მიმართულებით, რომელიც შეუქცევადია და ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს შეიძლება ნორმალურ შემთხვევაში წარმოგვედგინა სხვა თანაბარ პირობებში“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება