USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინოვაციური, გაყინული ფოთლების ჩაის წარმოება საქართველოში - სად იყიდება Freeze Tea

ინოვაციური, გაყინული ფოთლების ჩაის წარმოება საქართველოში - სად იყიდება Freeze Tea

2023-04-12 14:25:07

საქართველო მსოფლიოში ორიდან ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაის წარმოება დაიწყო. მეორე წელია, რაც საქართველოს ბაზარზე Freeze Tea, ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის, ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „გუდვილის“ ქსელში და ონლაინ იყიდება.

როგორც კომპანია Freeze Tea-ს თანადამფუძნებელი სოსო კობახიძე განმარტავს, ტექნოლოგია და პროდუქტი ინოვაციურია, როგორც საწარმოო ეფექტურობის მხრივ, ასევე, მომხმარებლისთვის გამორჩეული და ცოცხალი გემოვნური თვისებების ჩაის შეთავაზების მხრივ. ამასთან, ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაის გამაჯანსაღებელი ანტიოქსიდანტების ძალიან მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამიტომ, კომპანია პოპულარიზაციაზე აქტიურად მუშაობს.

იგეგმება ექსპორტზე გატანაც. კომპანია აქცენტს ევროკავშირის ბაზარზე აკეთებს და ამ მიზნით, წელს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას, რათა პოტენციური პარტნიორები დააინტერესოს და პროდუქცია უცხოეთის ბაზარზე გაიტანოს.

Freeze Tea ეს არის ახალი სახეობის ჩაი და სრულიად ცვლის ჩაის ინდუსტრიას. ტრადიციული მეთოდით გამომშრალი და შრობის შედეგად შემცირებული კვებითი ღირებულებების მქონე ჩაის ნაცვლად, ახალი პროცესი გვთავაზობს უკეთესი გემოსა და არომატისა და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ალტერნატივას.

ხარაგაულში დაფუძნებული შპს „ფრიზ თი“ ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში ვინც ასეთ პროდუქტს აწარმოებს.

„საქართველოში ცხოვრობს ცნობილი მეცნიერი და არაალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგი ნოდარ მაჟავია, რომელსაც ეს ინოვაციური ტექნოლოგია წლების წინ ჰქონდა შემუშავებული და გამოკვლეული. ჩაის კონკრეტულ ტემპერატურულ შუალედებში აჩერებდა და ყინავდა. ამ ეტაპზე, კი ეს მეთოდი ჩვენ, ბატონ ნოდართან ერთად, უკვე „საქპატენტში“ გაქვს დასაპატენტებლად შეტანილი“. - აცხადებს სოსო კობახიძე.

ჩაი სპეციალურ, 50-გრამიან პაკეტებში იყიდება და თითო შეფუთვა 8-10 პორციაზეა გათვლილი, რომელიც მუდმივად -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. ფასები 15 ლარიდან იწყება და 25 ლარამდეა.

სოსო კობახიძე აცხადებს, რომ ანალოგიური მეთოდით მსოფლიოში ჩაის ამზადებს კიდევ კანადური კომპანია, რომელიც სულ ახლახან შევიდა აშშ-ს ბაზარზე და საკმაოდ მაღალი გაყიდვები აქვს. კანადური კომპანია ჩაის ერთ შეფუთვას 37 დოლარად ყიდის.

გაყინული ფოთლების ჩაის ნედლეულისთვის  Freeze Tea- ქართველ მეწარმეებთან და შემგროვებლებთან თანამშრომლობს.

2012 წლიდან შპს „ფრიზ თის“ გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ხილის შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე.

ამჟამად, ხელმისაწვდომია Freeze Tea-ს ექვსი სახეობა:

•           ქართული ვარდი და წითელი ჩაი

•           ცაცხვის ყვავილები და წითელი ჩაი

•           ველური მოცვი და წითელი ჩაი

•           მწვანე ჩაი და პიტნა

•           მწვანე ჩაი

•           წითელი ჩაი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები