სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ექსპრესიის“ დატვირთვა თანდათან იზრდება. $12,5 მილიონის მოცულობის ყაზახური ინვესტიციით შექმნილი პროექტი წარმატებულია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „კაპიტოლ მენეჯმენტის“ დირექტორმა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა განუცხადა.
„სასტუმრომ ოპერირება 2022 წლის 14 დეკემბერს დაიწყო. 3 თვეა გასული და იმ პერიოდში, როდესაც თბილისში ტურისტული სეზონის აქტივობა დაბალია, თვის საშუალო დატვირთვა 22-25%-ს შეადგენს. $12,5 მილიონიანი ყაზახური ინვესტიცია, შეიძლება ითქვას რომ წარმატებულია. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ველოდებით კერძო ინვესტიციების გააქტიურებას“, - ამბობს ჯახუტაშვილი.
„ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და როგორც „კაპიტოლ მენეჯმენტის“ დირექტორი ამბობს, ბრენდის ყველა სტანდარტი დაცულია.
„ჰოლიდეი ინნ ექსპრესში“ 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროს შესაბამისი სტანდარტები დაცულია. კერძოდ, არის შესაბამისი სტანდარტის ბალიში, მატრასი, აბაზანა. მაგალითად, ისეთი ელემენტარული სტანდარტები - ხმის იზოლაცია, მზისგან დამცავი სპეციალური ფარდები, ასევე ის, რომ აბაზანაში შემრევის გახსნიდან 5-7 წამში ცხელი წყალი უნდა წამოვიდეს, ზედმიწევნითაა დაცული“, - ამბობს ჯახუტაშვილი.
სასტუმროს ნომრის ღირებულება ობიექტის დატვირთვის მიხედვით 180-დან 240 ლარამდეა. სასტუმროში 50 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი