USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადაზიდვებზე ყოველი 50-55  მოთხოვნიდან 2 სრულდება, გამოწვევას ვერ ვპასუხობთ - IBEX LOGISTICS-ი

გადაზიდვებზე ყოველი 50-55 მოთხოვნიდან 2 სრულდება, გამოწვევას ვერ ვპასუხობთ - IBEX LOGISTICS-ი

2023-03-07 17:20:51

ტვირთების გადაზიდვაზე გაზრდილ მოთხოვნას ბიზნესი ვერ პასუხობს. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიის IBEX LOGISTICS-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ არ აქვთ საკმარისი რესურსი,ტვირთბრუნვის გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ.

თათარაშვილის ინფორმაციით, ყოველი 50-55 მოთხოვნიდან 2 შეიძლება შესრულდეს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

„სიტუაცია რთულია და ვცდილობთ მოვერგოთ, უმძიმეს პირობებში გვიწევს საქმიანობა.ტვირთების სეგმენტაციას ვერ მოვახდენ, ასეა ყველა მიმართულებით. ამ დროს გადაზიდვებთან დაკავშირებით საქართველოზე არნახულად მაღალი მოთხოვნაა.

ამ მხრივ 2022 წელი ყველაზე გამორჩეული იყო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად ვერავინ იტყვის, რა მოცულობებზეა საუბარი. თუმცა ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია. ჩვენს შემთხვევაში მოთხოვნა 700-დან 900 %-მდე გაგვეზარდა. ცალკე საკითხია, აქედან რამდენი დავაკმაყოფილეთ, მიზერული ციფრია, 5%-ს ვერ აღემატება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ყოველი 50-55 მოთხოვნიდან შეიძლება 2 დავაკმაყოფილოთ, მეტს ფიზიკურად ვერ ვიღებთ საკუთარ თავზე, რადგან არსებული ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას არ გვაძლევს“, - ამბობს თათარაშვილი.

გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელის თქმით,  ტვირთების უდიდესი ნაწილი მოძრაობს ირანი-თურქეთის გავლით, რაც ამ მოცემულობაში საქართველოს ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს.

,,რა რესურსიც საქართველოს აქვს, იმ დონეზე პასუხობს მოთხოვნასაც. სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს კიდეც აქტიურად მუშაობა და შესაძლოა მოცემულობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ ჯერ ამის შესაძლებლობა რეალურად არ ჩანს.  გადაზიდვები ფიზიკურად ვერ ხერხდება. შეკვეთები კოლოსალური რაოდენობითაა, რომელსაც ვერცერთი საზღვაო ხაზი, ვერც ტერმინალები ვერ იღებენ.  ტვირთები დროში ყოვნდება, რაც ქმნის ნეგატიურ ჯაჭვს, რითაც უკმაყოფილო რჩებიან დამკვეთები“, - აცხადებს ლევან თათარაშვილი.

გადამზიდავი გამოსავალს შუა დერეფნის როლის გაძლიერებაში ხედავს.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ოქტომბერში  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები