ჩვენი კომპანიის მაგალითზეც სტატისტიკა საკმაოდ მზარდია, როგორც შემომყვანი ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით, - აცხადებს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.
ნინა კეკელიძის თქმით, საქართველოში დასვენებით ინტერესდებიან, როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან.
„ძირითადი ქვეყნები საიდანაც ჩვენთან ტურიტები შემოდიან და შეკვეთებს ვიღებთ, ესენია: ევროპის ქვეყნები და გააქტიურდა აზიის ქვეყნები. საკმაოდ აინტერესებთ და მნიშვნელოვანია ასევე კომბინირებული ტურები: საქართველო-სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი, ესაა მიმართულება, რომლითაც ევროპული ქვეყნებიდან საერთაშორისო ტურისტები ინტერესდებიან“, - აცხადებს ნინა კეკელიძე.
Discover Georgia-ს ხელმძღვანელი განმარტავს რომ მნიშვნელოვანია, რაც გვაქვს ის მზარდი ტურისტული მაჩვენებლები შევინარჩუნოთ, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და ქვეყნიდან ბევრად უფრო მეტი კმაყოფილი ტურისტი გავუშვათ.
„სტატისტიკა მზარდია და ძალიან კარგი ციფრები გაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მზარდი ტენდენცია შევინარჩუნოთ. ახლა ზაფხულის ტურისტული სეზონის ცხელ ფაზაში ვიმყოფებით, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი წინ გაქვს და ზრდის ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ.
თუმცა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ ტენდენციის შენარჩუნება, არამედ ხარისხობრივი, მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და მათ კარგ მომსახურებაზე ზრუნვა. იმისათვის, რომ ჩვენი მთავარი ნიშა იყოს არა ბევრი ტურისტი, არამედ ხარისხიანი მომსახურება და კმაყოფილი, უკან დაბრუნებული ტურისტი.
ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხელი სეზონის შემდეგ ასევე პრიორიტეტია, რომ შევინარჩუნოთ მზარდი ტენდენცია შემოდგომისა და ზამთრის სეზონისთვის, ისევე როგორც ხარისხობრივი მაჩვენებელი და აქცენტი მხოლოდ ციფრებზე არ გავაკეთოთ. ციფრებიც თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ციფრებთან ერთად მნიშვნელოვანია ტურისტების კმაყოფილების ინდექსის დადგენა, თუ ქვეყანაში ჩამოსულ 3 მლნ-ზე მეტ ტურისტს როგორი კმაყოფილების ინდექსი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობისას.
დავადგინოთ მომსახურების ხარისხის კუთხით რა გამოწვევები გაქვს და რაზე გვაქვს კვლავ სამუშაო, რათა უკეთ მოვახდინოთ ჩვენი ვიზიტორების, ტურისტების ხარისხიანი მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტურისტებს საქართველოში ხელმეორედ დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ“, - აცხადებს Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.
ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ში, რომელიც შემომყვანი ტურიზმის გარდა აქტიურად მუშაობს გამყვანი ტურიზმის მიმართულებითაც. კომპანიაში განმარტავენ, რომ გამყვან ტურიზმთან მიმართებით მოთხოვნადია ევროპის საზღვაო კურორტები, ასევე მოთხოვნადია თურქეთის მიმართულება და საკმაოდ დატვირთულია კრუიზები და ჯგუფური ტურები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.
იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.
აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება