6 აპრილს, 17 საათზე, „თიბისი კონცეპტის" შენობაში გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა თემაზე: „სთეიბლქოინები საქართველოში - საერთაშორისო რეგულატორული გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის".
კვლევის მიზანია გააანალიზოს საქართველოში სთეიბლქოინების გარშემო არსებული კანონმდებლობა და შეიმუშავოს რეკომენდაციები თუ როგორ უნდა განვითარდეს სთეიბლქოინების რეგულატორული გარემო საქართველოში.
სთეიბლქოინები კრიპტოვალუტების ქვეჯგუფია, რომლებიც სხვამხრივ არამდგრად ბაზარზე ფასის სტაბილურობის პირობას იძლევიან. უკანასკნელი წლების განმავლობაში კრიპტოინდუსტრიამ სთეიბლქოინები მნიშვნელოვნად აითვისა. ისეთმა მსხვილმა ეკონომიკებმა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) და ევროკავშირია, ყველაზე მნიშვნელოვანი სთეიბლქოინების რეგულაციები სწორედ 2022 წელს წარადგინეს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული სთეიბლქოინების რეგულაციები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ქვეყნებს და ის კრიპტო-კანონმდებლობა რაც ქვეყანამ 2022 წელს მიიღო, არ არის ამომწურავი და გაურკვეველია მოიცავს თუ არა სთეიბლქოინებს.
კვლევაზე იმუშავეს ივანე ნაჭყებიამ, „პი ემ სი კვლევითი ცენტრის" ასოცირებულმა მკვლევარმა და Cato institute-ში დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მიმართულებით ანალიტიკოსმა, და დავით კიზირიამ, ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტისა და ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორმა.
„Web3, DeFi, სმარტკონტრაქტებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური ინოვაციების დროული და გონივრული დანერგვა ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც ქართული ბიზნესისათვის, ასევე, ქვეყნის გლობალური ეკონომიკური პოზიციონირებისათვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის "ციფრული ტრანსფორმაციის" წარმატებისთვის.
სთეიბლქოინები ერთ-ერთი ასეთი ფინტექ ინოვაციაა. იგი თავის თავში აერთიანებს ერთი მხრივ - კრიპტოვალუტებისთვის სახასიათო თვისებებს (უსაფრთხოება, სანდოობა, მოქნილობა) და მეორე მხრივ - გამომდინარე იქიდან, რომ სთებელქოინის ფასი მიბმულია კონკრეტულ ტრადიციულ ვალუტას, მინიმუმამდეა დაყვანილი კრიპტოაქტივებისთვის სახასიათო ფასის რყევები. შესაბამისად, სთეიბლქოინი, კრიპტოაქტივების ჯგუფიდან, ყველა უფრო მეტად გამოყენებადი და ადვილად ადაპტირებადია ყოველდღიური გადახდებისა და ვაჭრობის სფეროში. სთეიბლქოინი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოაქტივების უმრავლესობის მსგავსად, შეიცავს ბევრ ინოვაციურ შესაძლებლობებს - პროგრამირებადობა, თვითაღსრულებადობა. ეს ბიზნესებს საშუალებას აძლევს ახალი ტიპის ეკონომიკური მოდელები შექმნან.
ფინანსური ინოვაციების დანერგვისას ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, რათა გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მრავალი პერსპექტივის, ხედვის გონივრულ სინთეზს."- აღნიშნავს დავით კიზირია.
კვლევა ჩატარდა პროექტის „საჯარო პოლიტიკის განხილვისა და დიალოგის პლატფორმის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიის დაწყებას და თანამშრომლობას სხვადასხვა მხარეებს შორის. პროექტი ხორციელდება „პი ემ სი კვლევითი ცენტრის" მიერ, პოლიტიკისა და მენეჯმენტის ქონსალთინგ ჯგუფის (PMCG) მხარდაჭერით.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი