ბათუმში სანაპიროს პირველ ზოლში თავისუფალი მიწა აღარ არის და თითქმის ყველაფერი ათვისებულია.
როგორც Business Insider Georgia-თან სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია სირაბიძე აცხადებს, ამ ფონზე სამშენებლო კომპანიები ძირითადად ძველი პროექტების შეძენას ცდილობენ, რადგან ნებართვების გაცემა დროში იწელება.
„მაგალითად ბარაკების ნაცვლად უნდა აეშენებინათ კორპუსი, თვითონ მშენებელმა, დეველოპერმა ვეღარ შეძლო მისი განხორციელება და ახლა მზა პროექტს ყიდის. ჯერჯერობით ძველი პროექტების ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თანაც არსებული ნებართვების გათვალისწინებით ასეთი პროექტები საკმაოდ ძვირია. ეს მიმართულება გარკვეულ ბიზნესადაც კი იქცა იმ შემთხვევაში, თუ გაქვს ნებართვები და დაითანხმე ადამიანები, რომელთაგან შეიძენ ძველ სახლებს. დეველოპერების ნაწილი, მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობენ და შემდეგ სრულ პროექტს საკმაოდ ძვირად ყიდიან, რადგან თავად აღარ აშენებენ“, - აცხადებს ნათია სირაბიძე.
მისივე თქმით, გარკვეულ ადგილებში არის თავისუფალი მიწები ქობულეთში, ხელვაჩაურში. „იყო მიწა მახინჯაურშიც, თუმცა აუქციონზე მალევე გასხვისდა“, - ამბობს სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
recov.ge-ს მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 42%-ით, 1,544 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 50%-ით გაიზარდა და 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
თებერვალში ბათუმში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 230%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19% და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი კი 22%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 895 აშშ დოლარი შეადგინა.
ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლოა, ძველ ბათუმში ფასების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი