თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებისთვის K2 კოეფიციენტის მომატება დაუშვან, „მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი არ იზიარებს.
მისი შეფასებით, ცვლილების მიზანი გასაგებია, მაგრამ ამ ტიპის შეღავათის გაწევა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და დაუშვებელია.
„ისტორიულ ზონაში ყველაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ გარკვეული ზომები მისაღებია, ეს არის ცხადი. რასაც მერია აკეთებს, ნამდვილად ვერ მოვიწონებ. K2- კოეფიციენტის მინიჭება ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ჰაერიდან მივცეთ მოგება, ამ თვალსაზრისით, გაუგებარი და არასწორი გადაწყვეტილებაა.
ვფიქრობ, რომ K2 კოეფიციენტის მომატება არ შეიძლება, სხვაგვარად უნდა მივცეთ ინტერესი და არა ასეთი გადაწყვეტილებით. აღნიშნული კოეფიციენტი კონკრეტული ტერიტორიისთვის არის განკუთვნილი და გაზრდა არ შეიძლება", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი Business Insider Georgia-თან.
მისი თქმით, კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანების რაოდენობა სტანდარტით არის განსაზღვრული და მისმა დარღვევამ სამომავლოდ შეიძლება რიგი პრობლემა გამოიწვიოს, რაც პანდემიამაც დაადასტურა.
„K2 კოეფიციენტი არის სიმჭიდროვე, რამდენი კაცი უნდა ცხოვრობდეს 1 ჰექტარზე. ჩვენნაირი კლიმატური პირობების ზონაში 300 -ზე მეტი ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს. ეს არის სტანდარტი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარეა. მისი უგულებელყოფა შემდეგში იწვევს ბევრ პრობლემას, რაც პანდემიის დროს გამოჩნდა. მჭიდრო დასახლებულ ზონებში ვირუსი სწრაფად ვრცელდებოდა. ასეა K2 კოეფიციენტის დროსაც. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ მშენებლობას არ გულისხმობს, როცა ამ ტიპის ცვლილება იგეგმება, კონკრეტულ ზონაში ადამიანების რაოდენობაც გასათვალისწინებელია", - აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი - ანუ, თუ ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის და მისი გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი