ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ შეხვედრაში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, აღნიშნული ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ქვეყნის ეკონომიკური უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება. აღინიშნა, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესებამ და ეკონომიკურმა მდგრადობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება.
ასევე აღინიშნა, რომ 2022 წლიდან შენელდა ინფლაციის საერთო მაჩვენებელი, რომელიც, შემცირების მიუხედავად, კვლავ ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
სავალუტო ფონდის მისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესზე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს უწყობენ პროდუქტიულობის ზრდას და ფისკალური რისკების შეზღუდვას, მათ შორის აღსანიშნავია: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება.
საქართველოს მთავრობა აგრძელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას მაკროეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი