მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება. ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მომხმარებლის უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია.
მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს როგორც საკუთარ უფლებებს, ასევე, იმ ვალდებულებებს, რომლებიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მათ მიმართ ეკისრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ახსოვდეთ, ვის შეიძლება მიმართონ საკუთარი, როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით უკვე მესამე წელია აღინიშნება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2023 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება.
მისი მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ასევე, სს „ბაზისბანკი“-ს, სს „ემ ბი სი“-სა და სს „კრედო ბანკი“-ის, ჩართულობითა და მხარდაჭერით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ვიდეო ფორმატის მასალის კონკურსი ცხადდება.
კატეგორია „ვიდეო“ - ვიდეოფორმატის („Vlog“, „Motion Design“) ნამუშევრებისათვის. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანი და კონკურსის სახელწოდებაა „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები საქართველოს ეროვნული ბანკის სოციალურ მედიასა და ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge გამოქვეყნდება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კონკურსის ტიპი ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნამუშევარს დადგენილ ვადებში.
ამასთან, დაუშვებელია ჟიურის შემადგენლობაში შემავალი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამარჯვებულად დასახელდეს იმავე ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი. განცხადების გამოქვეყნების თარიღი:
15 მარტი, 2023 წ. 2 კონკურსის პირობები: ნამუშევარი უნდა პასუხობდეს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას რომელიმე ერთ ან, კომბინირებულად, ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე თემაზე: - მომხმარებელთა უფლებები და ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები;
- სესხები და/ან გონივრული სესხება და/ან სესხის ხელშეკრულება;
- ფინანსური უსაფრთხოება და/ან კიბერთაღლითობისგან დაცვა და/ან უსაფრთხოება ინტერნეტში; - დაზღვევა/პირადი ფინანსების მართვა/დაზოგვა და სხვა
ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში; ნამუშევარი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისათვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან პროფესიული სეგმენტისათვის;
ნამუშევარი და/ან მასში გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
თუ ნამუშევარში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ციტირების სტანდარტები.
ნამუშევრების წარმოდგენის ფორმა და ვადა: კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს ფორმატის ქვემოთ მოცემულ პირობებს: წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს- H.264, MP4 ფორმატით; კატეგორიაში „ვიდეო“ წარმოდგენილი ნამუშევრის ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15 და არაუმეტეს 90 წამს; საკონკურსო ვიდეოში გამოყენებული უნდა იყოს მომხმარებელთა უფლებების დღის სლოგანი - „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“.
კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nutsa.charkviani@nbg.gov.ge და დაელოდოს მიღების დასტურს.
იმ შემთხვევაში, თუ ფაილი მოცულობითია, ნამუშევრის გამოგზავნა რეკომენდებულია ნებისმიერი თავისუფლად ჩამოსატვირთი პლატფორმის (მაგ. www.wetransfer.com-ის) ბმულის საშუალებით. კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემატური კონკურსისთვის“, ხოლო წერილის შინაარსში - თავისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი (იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სურს თავისი ნამუშევრის ფსევდონიმით გამოქვეყნება, წერილში ასევე უნდა მიუთითოს ფსევდონიმი);
კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა. 3 შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
საუკეთესო პრაქტიკული რჩევები; გადმოცემის ორიგინალური სტილი. ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს და დააჯილდოვებს ქვემოთ მითითებული პრიზებით: პირველი ადგილი - 2000 ლარი - სს „ბაზისბანკი“ მეორე ადგილი - 1000 ლარი - სს „ემ ბი სი“ მესამე ადგილი - 500 ლარი - სს „კრედო ბანკი“ გისურვებთ წარმატებას!
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი