გაუცემელი ხელფასები, დაუმსახურებელი ჯარიმები და შრომითი უფლებების შელახვა - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დარღვევების, რაც გერმანიაში დასაქმებულმა ქართველმა მძღოლებმა უცხოელი დამსაქმებლისგან განიცადეს.
საქმე ეხება პოლონური კომპანიების გაერთიანებას - Lukmaz, Agmaz და Imperija, სადაც ქართველები სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებთან ერთად ტრაილერის მძღოლებად მუშაობდნენ.
მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით ცოტა ხნის წინ თბილისში, პოლონეთის საელჩოს წინ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ადგილზე იმყოფებოდნენ გერმანიიდან ჩამოსული რამდენიმე მძღოლი, რომლებმაც Business Insider Georgia-თან ისაუბრეს იმ მძიმე პირობებზე, რაშიც პოლონურ კომპანიაში უწევდათ მუშაობა.
ერთ-ერთი მათგანის, ზვიად ლომიძის თქმით, ადგილზე რჩება 50-მდე ქართველი მძღოლი, რომლებიც ფაქტობრივად გამოკეტილები არიან - არც სამსახურზე უშვებენ და არც კუთვნილ ხელფასს აძლევენ.
„გერმანიაში დასაქმება წესრიგთან და უფლების დაცვასთან ასოცირდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. მონურ შრომის გარემოში აღმოვჩნდით. გარდა იმისა, რომ ჩვენი პოლონელი დამსაქმებელი ხელფასს გვიკავებდა, გვიწერდა ჯარიმებს უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად. ნორმალური მოსასვენებელი ადგილიც არ იყო, რის გამოც მანქანებში ვატარებდით დასვენების დღეებსა და შაბათ-კვირას. წინააღმდეგობის შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ არ გვაქვს უფლება, მკაცრი ტონით არ უნდა ველაპარაკოთ! ჩვენ მხოლოდ ხელფასს და ნორმალურ შრომით პირობებს ვითხოვდით! ამ დღეში მარტო ჩვენ არ ვართ, ვინც მოტყუებულია. რუსებს, უკრაინელებს, ფილიპინელებს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ანალოგიური პრობლემა აქვთ.
2021 წლიდან ვმუშაობ გერმანიაში. ერთხელ ჩავეხსენი სამუშაო პროცესს, შემოდგომაზე. სანამ არ დაბრუნდები ხელფასს არ ჩაგირიცხავო. დავბრუნდი, ვიმუშავე 1 თვე, მერე ჩამირიცხეს ხელფასი, მაგრამ ბოლო თვის ნამუშევარი უკანონოდ დამიკავეს.
ამ დღეშია უამრავი ადამიანი. ბაზაზე ჰყავთ 50 ქართველი და სხვა არაქართველიც, რომლებსაც არც ტრასაზე უშვებენ სამუშაოდ და არც სახლში“, - ამბობს ზვიად ლომიძე.
გაერთიანებული პროფკავშირები ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც გაფიცული ქართველ მძღოლებს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარება.
ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია ამბობს, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე, ამ პროცესში სატვირთო ავტომობილის მძღოლებს მხარს უჭერენ გერმანიისა და ჰოლანდიის პროფკავშირები, ასევე, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის გუნდი (RTDD).
„მესამე კვირა დაიწყო, რაც გერმანიაში სატვირთო მანქანების 200-მდე, მათ შორის 50-მდე ქართველი, მძღოლი გაიფიცა. 4 ადამიანი იმყოფება თბილისში და აქციაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს კიდეც. ბევრი გარემოებაა, რაზეც მძღოლები უკმაყოფილებას გამოხატავენ. ერთ-ერთია გაუცემელი ხელფასები, ზოგი რამდენიმე თვის შრომის ანაზღაურებას ითხოვს.
ჩვენი თანამემამულეები დამსაქმებლის უპასუხისმგებლობის გამო აღმოჩნდნენ ასეთ ვითარებაში. ნასესხები ფულით დაბრუნდა ზოგიერთი, მაქსიმალურად ვეხმარებით.
საქმეში ჩართულია საქართველოს და პოლონეთის პროფკავშირების გაერთიანებები, ჰოლანდიის, გერმანიის პროფკავშირები და ბრძოლა გაგრძელდება, სანამ პოლონელი დამსაქმებელი თავის კანონიერ მოვალეობას არ შეასრულებს. ეს ხალხი აუცილებლად აიღებს კუთვნილ ხელფასს“, - ამბობს ლავრენტი ალანია Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, მოადგილესთან, რაისა ლიპარტელიანთან ერთად, გერმანიაში უკვე გაემგზავრა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი