USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი პერსპექტივა ნაკლებად ოპტიმისტურია, მეტი ინვესტიცია გვჭირდება - ზვიად ხორგუაშვილი

ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი პერსპექტივა ნაკლებად ოპტიმისტურია, მეტი ინვესტიცია გვჭირდება - ზვიად ხორგუაშვილი

2023-04-04 14:30:04

 

საქართველოს ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი პერსპექტივას ექსპერტულ წრეში ნაკლები ოპტიმიზმით განიხილავენ. ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვლევას ნაწილობრივ ეთანხმება და ამბობს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შეიძლება შენელდეს, თუმცა საერთაშორისო ექსპერტებისგან განსხვავებით, გრძელვადიანი პერსპექტივას უფრო სკეპტიკურად აფასებს.

„ეკონომიკური კვლევები ძირითად შემთხვევაში არ ითვალისწინებენ ისეთ მოვლენებს, რაც სამომავლოდ შეიძლება ქვეყანაში შიდა პროცესების თუ გლობალური მასშტაბის გავლენით მოხდეს. პროგნოზისას გარკვეულწილად გათვალისწინებულია, როგორ ვითარდებოდა ეკონომიკა წარსულში და როგორია ტენდენცია. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, 2021 წელს მაღალი ნიშნული ფიქსირდებოდა, ამ დროს დიდი საგარეო ვალი ავიღეთ.

2022 წელს, გარდა იმისა, რომ კიდევ დამატებით ვალი ავიღეთ ეკონომიკაში, სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა დიდი ფულადი ნაკადი ადამიანებთან ერთად, რამაც გარკვეული ბიძგი მისცა ქვეყნის ეკონომიკას.

ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ამ მხრივ კი არ დიდი პროგრესი მაინც და მაინც არ შეინიშნება. ნომინალში არის გაზრდილი ინვესტიციები, მაგრამ ეს ფაქტი არსებითს არაფერს გვეუბნება.

ეკონომიკასთან მიმართებაში ინვესტიციები არის 8%, რაც დაბალი მაჩვენებელია. მეტი ინვესტიცია გვჭირდება“, - აცხადებს ხორგუაშვილი Business Insider Georgia-თან.

მისი თქმით, ეკონომიკაში რეალური პროგრესი მოსალოდნელია, თუკი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვლება.

„როგორც აღვნიშნე, ვალის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია, რაც სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკას დაარტყამს. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ არის მიმართული იმისკენ, რომ მაღალი ინვესტიციები მოვიზიდოთ. რაც გვქონდა 6-7 წლის წინ, ფაქტობრივად იგივე მოცემულობაა - მთავრობის ზომა იზრდება, მატულობს გადასახადებიც, რეგულაციები მკაცრდება და ყველა წნეხი, რაც ბიზნესზე შეიძლება არსებობდეს, ყოველწლიურად მძიმდება.

აქედან გამომდინარე, ქვეყანაში გრძელვადიან პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას არ ველი, ცხადია, თუ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მკვეთრად არ შეიცვლება“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ADB-ის პროგნოზით, 2023 წელს მოსალოდნელია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 4.5%-ით, ხოლო 2024 წელს მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ.მშპ 5%-მდე გაიზრდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები