ინფრასტრუქტურის სამინისტროში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთს, სადაც 13 მარტს გზა ჩამოიშალა ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Road and Bridge Corporation-ი მუშაობს.
უწყების ცნობითვე, 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ბიუჯეტი 901,973,206 ლარია, ხოლო კომპანიასთან სამშენებლო კონტრაქტი 2018 წლის ნოემბერში გაფორმდა.
„სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს უბისა-შორაპანის მე-10 კმ-ზე. ამ მეწყრული უბნის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტა არსებობს. უხვი ნალექის შედეგად სამწუხაროდ ფერდი ჩამოიშალა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს შესაბამისად დატერასება, გამაგრებითი დაანკერება და გამაგრებითი სამუშაოები. ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ბეტონი, ეს ბეტონი გასუფთავდება ფერდი ჩამოიწმინდება და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში პროექტის შესაბამისად გაგრძელდება და ეს ხელს არ შეუშლის სამშენებლო პროცესს“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.
უწყებაში აცხადებენ, რომ უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. რაც შეეხება მშენებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას, ანაზღაურება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი