USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ქართლის მეღვინეობა და ისტორია, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება - „გურამიშვილის მარანი“

ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ქართლის მეღვინეობა და ისტორია, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება - „გურამიშვილის მარანი“

2024-06-05 02:00:00

„დღეს, გურამიშვილის მარანი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ძირითადად ქართლის ენდემური ჯიშებისგან ღვინისა და ცქრიალა ღვინის წარმოებით პოზიციონირებს“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან KTW-ს (კახური ტრადიციული მეღვინეობა) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეკლე ბერაია.

„გურამიშვილის მარანი“ საგურამოში მდებარეობს და მარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„მარნის ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, რომელიც გურამიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. 1863 წლიდან კი, მარანს ილია ჭავჭავაძე მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. სწორედ აქ ამზადებდა ილია ჭავჭავაძე ღვინოს, რომელიც შემდეგ გადაჰქონდა თავის სარდაფში და მუხის კასრებში ავარგებდა. ილიას მკვლელობის შემდგომ, მარანში ღვინო არ დაწურულა.

2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა. საგურამოს ვენახებში გაშენებული იყო ქართლის ვაზის ჯიშები, რომლებიც ისტორიული წყაროების მიხედვით, ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. კომპანიამ აღადგინა ეს მივიწყებული ენდემური ვაზის ჯიშები“, - ამბობს თეკლე ბერაია.

მისი თქმით, ყურძნის ჯიშებიდან გამომდინარე, „გურამიშვილის მარნის“ წარმოება ლიმიტირებულია.

„ეს არის საკოლექციო მიმართულება და არ არის მასობრივი წარმოება. ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება ყურძნის ჯიშებიდან გამომდინარე. დღეს, მარნის ძირითადი მიმართულება ქართლისა და დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან ღვინისა და ცქრიალა ღვინის წარმოებაა, რომელიც შერეულია ევროპულ ტრადიციულ მეთოდებთან (მუხის კასრებში და კლასიკური მეთოდით). აქ შეხვდებით ქართლის რეგიონის ისეთ ენდემურ ჯიშებს, როგორიცაა შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, თავკვერი და სხვა. „გურამიშვილის მარნის“ ღვინოებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული, მათ შორის London Wine Competition, Mundus Vini, Decanter და სხვა.“- ამბობს თეკლე ბერაია.

„გურამიშვილის მარანში“ ტურისტული მიმართულებაც აქტიურია.

„დღის განმავლობაში არაერთი ტურისტული ჯგუფი გვსტუმრობს. ვაცნობთ მარნის ისტორიას, ვთავაზობთ მასტერკლასებს. ასევე ხდება ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც მარნის სომელიე უძღვება. აქვე გვაქვს რესტორანი, რომელიც სხვადასხვა სახის სივრცეს აერთიანებს და არაერთ ღონისძიებას მასპინძლობს“, - ამბობს KTW-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები