BAG კვლევა საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას ადასტურებს. ორგანიზაციის შეფასებით, სექტორის დადებითი ვექტორისკენ შემობრუნება ოპტიმისტური მოლოდინებით არის განპირობებული.
კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტის - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის თქმით, ბიზნესის კლიმატზე განსაკუთრებით აისახა სამშენებლო სფეროს ბოლოდროინდელი მიღწევები, რამაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
„ეკონომიკური მაჩვენებლები კარგი გვაქვს, ბიზნესში ყველა მიმართულებით გამოცოცხლება შეიმჩნევა. დაქირავებულიც უფრო მეტია ქვეყანაში და მეტი დოვლათი იქმნება. შესაბამისად, კარგი განწყობაა და მოლოდინებიც უფრო პოზიტიურისკენ არის გადახრილი. გამოცოცხლება გამოიწვია სამშენებლო სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა, რაც ამ დარგზე მიბმულ აბსოლუტურად ყველა სახის ბიზნესზე აისახა, როგორიცაა გათბობის სისტემები, სარემონტო მასალები და სხვა. ვინმეს სურს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შეფასება, პირველ რიგში სწავლობს მშენებლობის სექტორს და ამ მხრივ ჩვენ ყველა მაჩვენებელი წესრიგში გვაქვს" - ამბობს ჭელიძე.
რაც შეეხება გამოწვევებს, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელმძღვანელი ლოგისტიკას და შრომის ბაზარზე არსებულ ვითარება მიიჩნევს.
„ბიზნესში ჯერჯერობით პრობლემაა რეგიონში არსებული ვითარება, რასაც ლოგისტიკაში გარკვეული გართულება მოჰყვა და ტარიფების ზრდა გამოიწვია. ამასთან, მუშახელის ნაკლებობა შეინიშნება. ბევრი პროფესიული კადრი ტოვებს ქვეყანას და უკეთეს სამსახურს ეძებს. თუმცა ადმინისტრაციული ბარიერის მხრივ, საგადასახადო კუთხით თუ შევაფასებთ, ნორმალური სიტუაციაა, მეწარმეთა შესახებ კანონიც ახალი მიღებულია. ბიუროკრატია ბიზნესისთვის ყოველთვის არის ბარიერი, მით უმეტეს, როცა, ევროკავშირისკენ მივიწევთ. აქ ბიუროკრატია გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენთან, ამიტომ რაღაც ბალანსი უნდა მოიძებნოს", - ამბობს მიხეილ ჭელიძე Business Insider Georgia- თან.
BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 46.8 ქულა შეადგინა, რაც კომპანიების მიერ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასებით და ოპტიმისტური მოლოდინებით არის განპირობებული.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
BAG ინდექსის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მსგავსად, ბიზნესმა მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელა, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი