ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 3,036.1 მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,914.2 მლნ ლარი) 13.9%-ს და 3 თვის გეგმის1 (4,733.3 მლნ ლარი) 64.1%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების მნიშვნელოვანი შემცირების გავლენით) 24.7 მლნ ლარით (0.8%-ით) ნაკლებია.
გადასახდელების შესრულება 3,025.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,880.1 მლნ ლარი) 13.8%-ს და 3 თვის გეგმის (4,835.7 მლნ ლარი) 62.6%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვრ-თებერვლის მაჩვენებელს 381.7 მლნ ლარით (14.4%-ით) აჭარბებს.
შესაბამისად, იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 10.6 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.6 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის პირველი მარტისთვის კი ნაშთი 1,258.2 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება შემოსულობების შესრულებას კომპონენტების მიხედვით, 3 თვის გეგმის მიმართ შესრულების კარგი მაჩვენებლით ხასიათდება შემოსავლები - 69.3%, ფინანსური აქტივების კლების კომპონენტის შესრულება მაღალი დონით გამოირჩევა (94.4%).
არაფინანსური აქტივების კლების კომპონენტის შესრულება 3 თვის გეგმის მხოლოდ 0.4%-ია, ხოლო ვალდებულებების ზრდის კომპონენტის შესრულება -51.2 მლნ ლარს შეადგენს, ერთი მხრივ, საგარეო ვალდებულებების 204.4 მლნ ლარით ზრდისა და მეორე მხრივ, საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით წმინდა შემოსულობების 255.6 მლნ ლარით შემცირების გავლენით.
გადასახდელების კომპონენტებთან დაკავშირებით, ხარჯების მაჩვენებელი კარგი შესრულებით გამოირჩევა და 3 თვის გეგმის 62.4%-ს უტოლდება, შესრულების შედარებით მაღალი მაჩვენებელი აქვს არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტს - 3 თვის გეგმის 71.1%, ვალდებულებების კლებისა და ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტები კი შესრულების დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება (შესაბამისად, 3 თვის გეგმის 54.1% და 37.3%).
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 532.3 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სალდომ - 165.7 მლნ ლარი.
შემოსავლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი მაჩვენებლის, გადასახადების მიმოხილვა, რაზეც იანვარ-თებერვალში მიღებული შემოსავლების 93.1% და მთლიანი შემოსულობების 92.1% მოდის.
კერძოდ, 2 თვეში მიღებული საგადასახადო შემოსავლები 2,797.6 მლნ ლარს, 3 თვის გეგმის 68.2%-ს და წლიური გეგმის 17.2%-ს შეადგენს, რაც უკავშირდება საშემოსავლო გადასახადის (3 თვის გეგმის 75.5%), დღგ-ის (70.3%) და აქციზის (82.0%) მობილიზების მაღალ მაჩვენებლებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 584.5 მლნ ლარით (26.4%-ით) არის გაზრდილი, ძირითადად, საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადების, შესაბამისად 27.9%-იანი და 17.5%-იანი მატების გავლენით.
გადასახდელების ყველაზე დიდი კომპონენტის, ხარჯების, შესრულებამ იანვარ-თებერვალში შეადგინა 2,473.3 მლნ ლარი, 3 თვის გეგმის 62.4% და წლიური გეგმის 15.1%. ცალკეული სახეების მიხედვით ხარჯების შესრულებაში, 3 თვის გეგმასთან მიმართებით, მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა პროცენტის მუხლი (81.7%),
კარგი მაჩვენებლით ხასიათდება სოციალური უზრუნველყოფის (65.8%) და სხვა ხარჯების (65.4%) მუხლები, ხოლო შესრულების შედარებით დაბალი დონით ხასიათდება შრომის ანაზღაურების (58.6%), სუბსიდიების (52.5%), საქონლისა და მომსახურების (51.6%) და გრანტების (49.6%) მუხლები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხარჯების მოცულობა 291.8 მლნ ლარით (13.4%-ით) გაზრდილია, ძირითადად, პროცენტის მუხლით ხარჯების (121.2 მლნ ლარით) მატების გავლენით.
წყარო: საბიუჯეტო ოფისი
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი