ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2024 გამოაცხადა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების პოტენციალის გამოყენებას სამეწარმეო საქმიანობაში. კონკურსი გამოავლენს იმ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, გამომგონებლებს, ავტორებსა თუ მეწარმეებს, რომლებიც თავისი ინოვაციური თუ შემოქმედებითი საქმიანობით ხელს უწყობენ პროგრესსა და ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე. კონკურსი წარმოაჩენს მათ მიერ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით მიღებულ მიღწევებს და დამსახურებებს, კერძოდ, შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი და გლობალური ამოცანების გადაჭრას ინოვაციების, შემოქმედებითი დარგების, ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეწყობით.
კონკურსი უფასოა, ღიაა მცირე და საშუალო საწარმოებისა თუ სტარტაპებისათვის და ნებისმიერი დარგის მეწარმისთვის მთელი მსოფლიოდან.
კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 31 მარტამდე. ონლაინ განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, არაბულ, ჩინურ და იაპონურ ენებზე. კონკურსის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟიური შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში არიან მაღალი კომპეტენციის, მიღწევებისა და გამოცდილების მქონე პირები. ნომინანტებს ჟიური მიმდინარე წლის მაისის მეორე კვირას შეარჩევს, რომლის შესახებაც ინფორმაცია WIPO-ს მედიაპლატფორმებზე გავრცელდება. შვიდამდე გამარჯვებული ჯგუფის ვინაობა კი მაისის ბოლოს დასახელდება.
თითოეული გამარჯვებული ჯგუფი მიიღებს მიწვევას ჟენევაში WIPO-ს მსოფლიო დაჯილდოების ცერემონიასა და სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, ასევე -პერსონალიზებული მენტორობის პროგრამას, ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის შესაძლებლობასა და წვდომას დამატებით ფინანსურ რესურსებზე ბიზნესის განვითარებისათვის და პარტნიორობის ხელმისაწვდომობის გასაადვილებლად. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა სტარტაპისთვის მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და გაზარდოს მისი პოპულარობა.
გლობალური დაჯილდოების კონკურსი პირველად 2022 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, სულ რაღაც ორ წელიწადში, WIPO-ს მსოფლიო დაჯილდოების პროგრამა ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად იქცა, რომლის დანიშნულებაა მცირე ბიზნესის მდგრადი განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებასა და კომერციალიზაციას.
ბიზნესის რეგისტრაციის გავლისა და განაცხადის შეტანის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.wipo.int/global-awards/en/how-to-apply.html
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში