„ტკბილის ქვეყნის“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი კახა ყრუაშვილი Business Insider georgia-თან ამბობს, კომპანია ტკბილეულის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია.
კომპანიის დღიური წარმოება 35 ტონას შეადგენს. პროდუქციის მიმართ დიდია ინტერესი ქვეყნის გარეთაც, თუმცა ჯერჯერობით წარმოების მთელი ჯაჭვი შიდა ბაზარზეა მიმართული, რათა არსებული მოთხოვნა უზრუნველყონ.
„მთლიანად ქართულ ბაზარზე ვართ კონცენტრირებული. ცხადია, ნებისმიერ კომპანიას უნდა ევროპულ ბაზარზე გასვლა, ხარისხის კუთხით პრობლემა არ გვაქვს, ჩვენი პროდუქცია დატესტილიც არის და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მცირე რაოდენობით გადიოდა (ქართული სეგმენტისთვის), მაგრამ შიდა ბაზარზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ ჯერ ექსპორტზე არ ვფიქრობთ.
ქართულ ბაზარზე კი წარმოება წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 2 წელიწადში 10%-იანი ზრდა გვაქვს. მაქსიმალურად ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ქვეყნის გარეთ პროდუქციის გატანა ჩვენი ტიპის წარმოებისთვის ტექნიკურადაც უფრო რთულია.
ჩვენ არ გვაქვს გრძელვადიანი პროდუქცია, ხოლო ევროპული სტანდარტი მოითხოვს, შეტანის დროს პროდუქტის ვარგისიანობის მაჩვენებელი 80%-ის დონეზე ფიქსირდებოდეს. ჩვენი პროდუქტის ვარგისიანობა 3-4 თვიანია, შესაძლებელია ემულგატორების დამატებით პროდუქტის ვარგისიანობის გაზრდა, მაგრამ ხარისხი გაუარესდება“, - ამბობს კახა ყრუაშვილი.
ცნობისთვის, შპს „ტკბილი ქვეყანა“ 2005 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა.
ქარხანა დღეისათვის მომხმარებელს 150 დასახელების ტკბილეულს სთავაზობს. დასაქმებულია 550 ადამიანი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში